logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: გოგორიშვილი და ბარამიძე დაკრძალვაზე რომ მოსულიყვნენ, ცუდი ამბავი მოხდებოდა!
- +

9 დეკემბერი. 2020. 00:22

 

 

4 დეკემბერს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დედა რემა ჟვანია. ის 15 წლის განმავლობაში ელოდა გამოძიების ობიექტურ დასკვნას ვერაგულად მოკლულ შვილზე, რომელიც ზეგ, 9 დეკემბერს, 57 წლის გახდებოდა. ელოდა, მაგრამ სამართლიანობის აღსრულებას ვერ მოესწრო. ზურაბ ჟვანიას მეგობრები, რომლებიც დარწმუნებული არიან 2005 წლის მკვლელობა გაზით გაგუდვის ლეგენდით შენიღბეს, ბოდიშს უხდიან თავიანთი მეგობრის დედას, რადგან მკვლელები დაუსჯელად მიმოდიან.

 

დავით ქიტაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, ზურაბ ჟვანიას მეგობარი:

 

– ზურას მერე ქალბატონი რემა ავადმყოფობდა, ჯანმრთელობის მდგომაროება გაუუარესდა და დიალიზზე იყო. ის იმავე ნაცჯალათთა მსხვერპლია, რომლებმაც 15 წლის წინათ მისი შვილი შეიწირეს. ქალბატონი რემა თავმოყვარე ადამიანი გახლდათ, შვილის სიკვდილის შემდეგ ორმაგად მძიმე ასატანი იყო ის სიბინძურე, რაც ზურას მიაწერეს. თითქმის ყოველდღე დადიოდა შვილის საფლავზე, ერთი წუთით წარმოიდგინეთ მისი განცდები. ორი არაჩვეულებრივი ვაჟი გაზარდა – ზურა და გოგლა, მართალია, მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა, მაგრამ პიროვნებად ჩამოყალიბებულ შვილებს რომ ხედავდა, ხარობდა და ყველაზე ბედნიერი როცა უნდა ყოფილიყო, ზურას მკვლელობით გააუბედურეს, არადა, ყოველთვის შიში ჰქონდა, ზურასთვის თავს რაიმე არ დაეტეხათ...

 

– რატომ?

 

– როდესაც შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, მაშინ ჯერ არ ჰქონდათ ზღაპარი გავრცელებული გაზით გაგუდვასთან დაკავშირებით, ქალბატონი რემას პირველი სიტყვები იყო – რატომ მომიკალით შვილი?! ძალიან ბრძენი ქალი იყო, ჭორები ზურას გარდაცვალებაზე, რომლებიც ნაცჯალათებმა ააგორეს, მათ მთელი ცხოვრება მძიმე ცოდვად გაჰყვებათ, მაგრამ იმედი მაქვს საზოგადოება მალე გაიგებს სიმართლეს. ზურაბ ჟვანია მოკლეს და სხვა ვერსიას არ განვიხილავ!!!

 

– რემა ჟვანია როდის დაკრძალეთ?

 

– სამშაბათს, 8 დეკემბერს, 1 საათზე, გამოვასვენეთ ფერისცვალების ტაძრიდან (ავლაბარში), დაიკრძალა მეუღლის გვერდით ვაკის სასაფლაოზე. საოცარია ცხოვრება 9 დეკემბერს ზურას დაბადების დღეა, 57 წლის გახდებოდა. ზურას მკვლელობიდან 15 წლის მერე, ზურას დაბადების წინა დღეს – 8-ში ქალბატონი რემა დავკრძალეთ! ჩვენ კი – ზურას მეგობრები 9 დეკემბერს ისევ მივალთ ზურას საფლავთან, ხოლო ზურა და ქალბატონი რემა ერთად დაგვლოცავენ. აქვე ვიტყვი: 9 დეკემბერს ჩემი დაბადების დღეცაა, ქალბატონმა რემამ იცოდა, რომ მეც ამ დღეს ვიყავი დაბადებული და ამიტომ ზურას მერე, ყოველ 9 დეკემბერს დილით მირეკავდა და მილოცავდა, მეტყოდა: აი, ხომ ხედავ, მეც მოგილოცე დაბადების დღე, ძალიან დამაკლდება ეს მილოცვა!

 

– ბოლოს როდის მოინახულეთ რემა ჟვანია!

 

– ქალბატონ რემას ზურას მეგობრები მის საფლავზე ვხვდებოდით – ვიკრიბებოდით 9 დეკემბერს და 3 თებერვალს – მკვლელობის დღეს.

 

ხათუნა გოგორიშვილი და გია ბარამიძე დაკრძალვას დაესწრენ?

 

– ხათუნა გოგორიშვილი არ მინახავს და არც მაინტერესებს, ეგ და გია ბარამიძე წარსულში დარჩნენ და მათ მომავალი არ გააჩნიათ. არადა, ბარამიძეც და გოგორიშვილიც ზურას სახლში გაიზარდნენ, ქალბატონი რემას თვალწინ და, კარგად იცით, ბოლოს მკვლელების მხარეს რომ დადგნენ, ზურას მერე ქალბატონ რემასთან მათ ურთიერთობა აღარ ჰქონდათ და ახლა მის დაკრძალვაზე როგორ უნდა მოსულიყვნენ?! გაძლევთ სიტყვას – გოგორიშვილი და ბარამიძე დაკრძალვაზე რომ მოსულიყვნენ, იქ ძალიან ცუდი ამბავი მოხდებოდა, პირველ რიგში, მე მოვაწყობდი ალიაქოთს.

 

– ქალბატონ რემას შვილიშვილის – ბუსა ჟვანიას პატიმრობაზე რა მოსაზრება ჰქონდა?

 

– როცა ზურას მეუღლე ტელევიზიით გამოვიდა და ამ საკითხზე ისაუბრა, ეს იყო მთელი ოჯახის პოზიცია. ისინი კაცთმოყვარე და სამართლიანი ადამიანები არიან, არ ითხოვდნენ ბუსას გამართლებას. მჯერა, რომ ახალგაზრდებს შორის ეს გაუგებრობა მალე აღმოფხვრება და შერიგდებიან. მთავარია, რომ სიცოცხლე გადარჩა.

 

– ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით რა სიახლეა?

 

–ქალბატონ რემას ბოდიშს ვუხდი, რომ ვერ დავიცავით მისი ოჯახი, რომ მისი შვილის მკვლელობის გახსნას დღემდე არ დაადგა საშველი, არასოდეს დამავიწყდება მისი ცრემლიანი თვალები და კითხვა: რატომ მომიკალით შვილი?! ზურაბ ჟვანია ნოვატორი იყო, ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა და ის, რომ ცოცხალი ყოფილიყო, სხვა საქართველოში ვიცხოვრებდით!

 

ზურაზე საუბარი წარსულში ჩემთვის ძალიან რთულია, ის არამარტო ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, არამედ ნათესავიც – ნათელმირონი გვაკავშირებდა. მიკვირს, დღემდე რომ ვიტანთ ზურას მწამებლებს, არაერთი ოჯახის ამომწყვეტებსა და ადამიანთა გამაუბედურებლებს!

 

დროა, პროკურატურამ მტვერი გადაწმინდოს ზურაბ ჟვანიას საქმეს და სიმართლე დღის შუქზე გამოიტანოს. თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ ამას საზოგადოება და ზურას მეგობრები მივხედავთ, რომლებიც ფულზე არ გავიყიდეთ და ზურას ოჯახის ერთგულნი დავრჩით.

 

ახლა კი მთავარს გეტყვით... ზურას ორმოცი ჯერ კიდევ არ იყო გასული, როდესაც მე და ხათუნა ხოფერია ზურას საფლავთან მივედით. სამთავრობო დაცვა გამოვიდა, გვითხრეს – აქედან წადითო! ხათუნამ უთხრა – ჩემს მეგობარს უნდა ველაპარაკო და რატომ უნდა წავიდეო? დაცვამ უკან არ დაიხია – მეორედ არ გაგვამეორებინოო! ცხოვრებაში პირველად ვნახეთ, რომ მიცვალებულს ყარაულობდნენ. ამიტომ ხმამაღლა ვაცხადებ, ცოტა წყნარად იყვნენ ეს ნაცმწამებლები, მათი ადგილი ციხეშია. უკრაინაში მყოფი ამათი ბელადი ყურით უნდა ჩამოათრიო და პასუხი აგებინო, რამდენი ადამიანი გაანადგურა. აი, ამ დარდით წავიდა იმქვეყნად ზურაბ ჟვანიას დედა რემა ჟვანია.

 

– როგორ ემშვიდობებით მეგობრის დედას?

 

– არ ვემშვიდობები, ჩვენც ადამიანები ვართ, ყველა იქითკენ წავალთ და ეს ღირსეული ადამიანები იქ დაგვხვდებიან. დიდი მადლობა ქალბატონ რემას არაჩვეულებრივი შვილების გაზრდისთვის, იმათ მომხრეებს კი, ვინც ამ ქალბატონს სიბერე გაუმწარა, მივმართავ: კიდევ რა უნდა ჩაიდინონ ნაცჯალათებმა, რომ თვალები აგეხილოთ? სინამდვილეში ქალბატონი რემა ავადმყოფობით კი არ გარდაიცვალა, არამედ სითბოსა და სიყვარულში გაზრდილი შვილის მკვლელობის დარდით, რომელიც ყოველგვარ ფიზიკურ ტკივილზე ძლიერია!

 

ქეთევან ხამიცაშვილი

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner