2021 წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის მხოლოდ 10% მიიღებს. ვაქცინის უდიდეს ნაწილს მდიდარი ქვეყნები მოიხმარენ. ამის შესახებ „ალჯაზირა“ იუწყება.
ორგანიზაციების, „Amnesty International“-ის და „Oxfam“-ის კვლევები აჩვენებს, რომ განვითარებულ ქვეყნებს იმდენი ვაქცინა ექნებათ, რომ მოსახლეობის აცრას სამჯერ შეძლებენ. კანადაში, მაგალითად, იმდენი ვაქცინის შეტანას აპირებენ, რომ მოსახლეობის აცრას 5-ჯერ შეძლებენ. 67 ქვეყანაში კი ვაქცინაციის მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა მოსალოდნელი.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, მილიარდობით ადამიანი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინას ვერ მიიღებს და დაუცველი დარჩება.
კვლევების მიხედვით, კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები იმ სახელმწიფოების ხელისუფლების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, რომლებმაც ვაქცინის შექმნა და წარმოება შეუკვეთეს. ამ ქვეყნის მთავრობები კი, ბუნებრივია, საკუთარ მოსახლეობაზე იზრუნებენ.
ცნობისთვის, 2 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა „ფაიზერის“ ვაქცინა ოფიციალურად დაარეგისტრირა. 8 დეკემბრიდან ბრიტანეთში მოსახლეობის კოვიდ-ვაქცინაცია დაიწყო. ამ დღეებში იმავე კომპანიის ვაქცინის რეგისტრაცია აშშ-შიც იგეგმება.