„სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მისი მოქალაქე რევაზ ბერიძე გადასცა, რომელმაც ნოემბერში რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკი“ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, ბერიძემ 24 ნოემბერს ე.წ. საზღვარი გადაკვეთა და განაცხადა, რომ „დარღვევა პოლიტიკური თავშესაფარისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღების მიზნით ჩაიდინა“.
„ბერიძემ ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც უკანონო ქმედება ჩაიდინა: არსებობისთვის საჭირო ელემენტარული პირობების არქონა, უმუშევრობა, სამედიცინო მომსახურებისთვის საკმარისი ფულადი სახსრების არქონა და ოფიციალური თბილისის უმოქმედობა და გულგრილობა საკუთარი მოსახლეობის პრობლემების მიმართ“, - ნათქვამია ე.წ. „უშიშროების კომიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი მტკიცებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საკითხზე საუბრისას, ბერიძემ განაცხადა, რომ „ჯანდაცვის სისტემა პარალიზებულია და პაციენტების უზარმაზარ რაოდენობას ვერ უმკლავდება, არ არსებობს მედიკამენტები, გაიზარდა სამედიცინო მომსახურების საფასური“.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბერიძემ დაარღვია სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი პოლიტიკური თავშესაფრის ძიების მიზნით, 1 დეკემბერს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, იგი ქართულ მხარეს ყოველგვარი ჯარიმის დაკისრების გარეშე გადაეცა“, - ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო უწყების ინფორმაციაში.