logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი
- +

9 დეკემბერი. 2020. 15:48

 

 

„ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიცია არად დაგიდევს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და მათთვის არჩევნების ერთადერთი ობიექტური შემფასებელი „მთავარი არხი“ და ნიკა გვარამია არიან, რომლებიც, მათ შორის პანდემიისას პოლიტიკური მოროდიორობის ხარჯზე, ეწევიან სისტემურ პროპაგანდას საზოგადოებაში ტოტალური ნიჰილიზმის დასათესად და ცდილობენ, ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისის საფრთხის ქვეშ დააყენონ“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს.

 

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი.

 

აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი - ეს არის ამბოხი დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად ისინი საპარლამენტო საბოტაჟს განიხილავენ. სწორედ ამ მიზნით, ისინი ბოიკოტის რეჟიმში ამუშავებდნენ პარლამენტს გასული ერთი წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ფუნდამენტური დემოკრატიული ცვლილებებისა, მათ მხარი არ დაუჭირეს არც 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმას და არც ელჩების ფასილიტაციით შეთანხმებულ 2019 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით ჩატარდა.

 

ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი პარტიის ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი.

 

ამასთან, პირველი შეკრებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ჩართულნი ამ კომისიის მუშაობაში. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით.

 

თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი, ხაზს ვუსვამთ, ერთპროცენტიანი გადახრაც კი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ (დარწმუნებული ვართ, რომ გადახრა 0,1 პროცენტიც კი არ იქნება), „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner