„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ თუ ოპოზიციური პარტია საპარალამენტო ცხოვრებაში მონაწილეობაზე უარს იტყვის, მას ბიუჯეტიდან დაფინანსება უნდა შეუწყდეს.
„პირველივე დღეებიდან, როგორც კი გაცხადდა, რომ ოპოზიციას აქვს პრეტენზიები, რომ მათი მიღებული ხმები მათ მოლოდინს არ შეესაბამებოდა და ისინი არ აპირებენ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას, იმთავითვე განვაცხადეთ ჩვენი მოსაზრება, რომ თუკი არ იარსებებს დაფინანსების ნიადაგი, ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება კანონმდებლობის გადახედვა და შესაბამისად, ის ოპოზიციური პარტია, რომელიც არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტში მისი ფუნქციების შესრულებაში, ბუნებრივია, ის არ უნდა იღებდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას“, - განაცხადა „დღის კურიერში“ მიხეილ სარჯველაძემ.
მისი განმარტებით, დაფინანსების მთავარი ინსტრუმენტი არის ის, რომ პარტია დაფინანსებას საპარლამენტო საქმიანობისთვის ღებულობდა.
„მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ის პროცესი ფინანსდებოდეს, რომელიც აუცილებელია დემოკრატიის უზრუნველსაყოფად. ამ შემთხვევაში ლოგიკა დაიკარგება, რომელიც აქვს კანონმდებლობას და ეს ნამდვილად არ ყოფილა დღეს მოქმედი კანონი გათვლილი მსგავს შემთხვევაზე, რომელიც დღეს გვაქვს. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლოგიკურია, დაფინანსების ეს მოდელი გადახედვას დაექვემდებაროს, ეს უკვე ითქვა და დღეს გაცხადდა, რომ ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება“, - აცხადებს სარჯველაძე.