logo_geo
eng_logo
იმერი კავსაძე: როცა კახი უწმინდესს ახსენებს, ყოველთვის ფეხზე დგება...
- +

10 დეკემბერი. 2020. 00:00

 

 

ყველასთვის საყვარელი მსახიობი კახი კავსაძე კორონავირუსს ებრძვის, ის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. თავიდან კი მისი მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა, ახლა გაუმჯობესება დაეტყო და იმედი აქვთ, რომ მალე სრულიად გამოჯანმრთელდება. ჩვენ ვესაუბრეთ მის ძმას, იმერი კავსაძეს, რომელიც ასევე კორონავირუსს ებრძვის.

 

– ამ ეტაპზე კახის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მკურნალობა შედეგიანად მიმდინარეობს და უახლოეს დროში აბსოლუტურად გამოჯანმრთელდება. ის ამჟამად რეანიმაციაშია და ტელეფონი არა აქვს, ამიტომ ვერ ვუკავშირდებით, მხოლოდ ექიმის მეშვეობით ვეხმიანებით, ის გვეუბნება, როგორ არის და ჩვენ მისი გვჯერა, ძალიან კარგად მკურნალობენ, როცა კახი გამოჯანმრთელდება, ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება, კახი კარგი ძმაა, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ყოველდღიური, შევაბერდით ერთმანეთს, ყველა თემაზე ვლაპარაკობთ. ჩვენ ისეთი დედა გვყავდა, მასზე საუბარი არ გვბეზრდება... მან ერთმანეთის და ნათესავების სიყვარული შთაგვინერგა.

 

– ბატონი კახი და პატრიარქი.

 

– ეს ცალკე თემაა, იმიტომ, რომ პატრიარქმა უდიდესი როლი ითამაშა მის გამოჯანმრთელებაში... ეს იყო სასწაული და მე ამის მოწმე ვიყავი.

 

– ვინც ვერ მიხვდა, რაზე ვლაპარაკობთ, ვუთხრათ, რომ წლების წინ ბატონ კახის ოპერაცია დასჭირდა.

 

– დიახ, ოპერაციამდე კი პატრიარქმა დალოცა და ისე გაუშვა საზღვარგარეთ. იქ ოპერაციის წინ რომ ნახეს, უთხრეს, აქ არაფერია ხელმოსაკიდი, წადი სახლშიო. კახი რომ ჩამოვიდა, მაშინვე ეახლა პატრიარქს და ყველაფერი უამბო. მთელმა საპატრიარქომ იცის ეს ამბავი, ილია მეორე მართლაც უწმინდესია და სასწაულთმოქმედი, როცა კახი მას ახსენებს, ყოველთვის ფეხზე დგება. ქართველი ერი ბედნიერია, რომ ღმერთმა ასეთი დიდი პიროვნება მოუვლინა, ის ჩვენი ერის სულიერი მამაა.

 

– რა ვერსია გაქვთ, ბატონი კახი ან თქვენ სად დაინფიცირდით?

 

– ძნელია თქმა, ჩვენ მაინც დავდიოდით გარეთ, მას უამრავი ადამიანი ხვდება. კი ვცდილობდით დისტანცია დაგვეცვა, პირბადეც ყოველთვის გვეკეთა, მაგრამ ჩვენ ერთად დავინფიცირდით, განსხვავება ის არის, რომ მე შედარებით იოლი ფორმით მაქვს ყველაფერი, ტესტი რომ გავიკეთეთ, მაშინვე დადებითი პასუხი აჩვენა, ამიტომ უკვე მერამდენე დღეა, მეც და ჩემი მეუღლეც იზოლაციაში ვართ. აივნიდან თუ გავიხედავ და სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ – ეს არის და ეს. პროდუქტი მოაქვთ და კართან გვილაგებენ, ყველამ უნდა დავიცვათ წესები, გავუფრთხილდეთ საკუთარ თავსა და ახლობლებს, გვერდში უნდა ამოვუდგეთ ჩვენს მედიკოსებს და შეძლებისდაგვარად შევუწყოთ ხელი, რომ ეს პანდემია გადავაგოროთ. კახიზე ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ ღმერთმა გადაგვარჩინა.

 

 

ბერტა ხაფავა პანდემიას შინ ემალება, ახლა ბევრი დრო მაქვს ფიქრისთვისო, ამბობს „კვირის პალიტრასთან“ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესსა და მეგობრებზე გვესაუბრება.

 

– პანდემიას სახლში ჯდომით ვუმკლავდები, თვალის ოპერაცია გავიკეთე და ამის გამო გავდიოდი მხოლოდ შინიდან, მაგრამ სიფრთხილის წესების დაცვით გადავრჩი. ვზივარ, ვფიქრობ და ვუცდი, როდის დასრულდება პანდემია. გულშეკუმშული ველოდები ყოველდღიურად როდის გამოაცხადებენ, რამდენი დაინფიცირდა, რამდენი გარდაიცვალა. ზოგი კრიტიკულად შეხვდა რეგულაციების შემოღებას, მე არა, რადგან ძალიან მომწონს გახარია და ვენდობი. ესე იგი, ასეა საჭირო!.. ვზივარ ტელევიზორთან და ამდენი სერიალის ყურებით მეც გამოვსერიალდი, თანაც რამე კარგი მაინც გადიოდეს, რასაც შევესწრები, იმას ვუყურებ – აბა, რა ვქნა, სხვა საქმე არა მაქვს, ოპერაციის გამო სუსტად ვარ, აი, კახიც როგორ ცუდად იყო!„ ისე განვიცადე, პრესიდან ვიგებ მის ამბავს, მინდოდა მომეკითხა, მაგრამ ტელეფონზე არ მპასუხობს.  ალბათ, ლაპარაკი არ შეუძლია, ხომ უნდა შეიგინოს და ეტყობა, ამის თავი არ აქვს.

 

– გინება უყვარს?

 

– ძალიან, სულ იგინება. „სიყვარული ყველას უნდა“ რომ გადავიღეთ, იმდენს მაგინებდა, სოფლის ქალებმა მითხრეს, ნეტა რას უთმენ, გაშორდიო, მართლა ცოლ-ქმარი გეგონეთ, არ მწყინს კახის გინება, ჩემთვის გამარჯობასავითაა, ძალიან კარგი კაცია, ერთგული, პატიოსანი, ძალიან მიყვარს, იმ სიყვარულისთვისაც მიყვარს, როგორი სიყვარულითაც ბელა უყვარდა. ბელაზე რომ ლაპარაკობდა, სახე უბრწყინდებოდა. მახსოვს ერთხელ ახალციხეში ჰყ ავდა წამოყვანილი გადაღებაზე, ვერ აღვწერ იმ დამოკიდებულებას, რაც მათ ჰქონდათ, ეს უნდა გენახათ და შეგეგრძნოთ. ბელა იჯდა ბავშვივით, კახი კი დაქოთქოთებდა, უვლიდა, მართლა ცივ ნიავს არ აკარებდა, წავიდა ბელა და დარჩა კახი მისი ერთგული და მასზე შეყვარებული.

 

– თქვენი და ბატონი კახის მეგობრობა რამდენი წლისაა?

 

– უჰ, დიდი ხნის. თეატრში რმო მივედი, 18 წლის ვიყავი, კახი იმ დროს 25 წლამდე იქნებოდა, ახალი დამთავრებული ჰქონდა თეატრალური ინსტიტუტი. მაღალი, ლამაზი, მაგრამ მაშინაც გიჟი იყო, მაგას ვენაცვალე! ჩვენ მალე დავმეგობრდით და ეს მეგობრობა დღემდე გრძელდება, ბევრჯერ მოვხვდით ერთად გადაღებებზე, რა ბედნიერი წლები იყო! „სიყვარული ყველას უნდა“ საუკეთესო მოგონებად დამრჩა, მაგრამ გივი ბერიკაშვილმა გული დამწყვიტა, გიო ხუციშვილიც ნაადრევად გამოგვეცალა, გიორგი შენგელაიაც აღარ არის, ვინღა დავრჩით... ჩემი კახის, ანუ კოლასა და ანიკოს სცენები ცალკე მოვლენა იყო.

 

– რა თქმა უნდა, ბევრ სპორტსმენს შეშურდებოდა თქვენი ნახტომი სახურავიდან..

 

– ამ სცენის გადაღებას რვა დუბლი დასჭირდა, ხელები სულ გადატყავებული მქონდა, ისე ვიყავი ჩაჭიდებული ხის ძელს, მაგრამ წვალებად ღირდა, რეჟისორი თავისუფლებას მაძლევდა, მაგალითად, „ჩულქის“ რეზინი, რომელიც „მამშვენებს“, თვითონ წამოვიცვი, კიას დატირების წარწერა არ მახსოვს, ვინ დაკიდა, ძალიან კი მოუხდა კადრს. ჩვენ თვითონვე ვიხოცებოდით სიცილით...

 

ეკა სალაღაია

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner