logo_geo
eng_logo
თაღლითობაში, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევასა და მონაცემების უნებართვო შეცვლაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
- +

10 დეკემბერი. 2020. 11:46

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობით ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობაში, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევასა და შესაბამისი მონაცემების უნებართვო შეცვლაში ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016-2018 წლებში, შპს „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ ხელმძღვანელი პირები - ი.ჭ, გ.ჭ და გ.კ., თითქოსდა საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობის მიზნით, მოქალაქეებს სთავაზობდნენ შესაბამისი მომსახურების გაწევას. კერძოდ, კომპანიის ანგარიშზე არიცხვინებდნენ დიდი ოდენობით თანხებს და პირადად ისე განკარგავდნენ, რომ რეალურად რაიმე ტიპის ვაჭრობა არ ხორციელდებოდა. ამავდროულად, დანაშაულებრივი საქმიანობის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულები ვაჭრობის მსურველ პირთა შესაბამის პლატფორმებზე არსებულ ე.წ. „პირად კაბინეტებში“ არსებულ კომპიუტერულ მონაცემებს ხელოვნურად ცვლიდნენ. აღნიშნული ხერხით, ზემოხსენებული პირები 67 მოქალაქის კუთვნილ 500 000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ.

 

პროკურატურამ ი.ჭ-ს, გ.ჭ-ს და გ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 286-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარუდგინა (ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობით ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა და შესაბამისი მონაცემების უნებართვო შეცვლა).

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული პირები სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახით ი.ჭ.-ს და გ.კ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.ჭ.-ს - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner