კორონავირუსის გამო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას კონფერენციის ორგანიზატორები ავრცელებენ. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების ჩატარების თარიღი და სხვა დეტალები მოგვიანებით გამოცხადდება.
როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, წამყვანი მსოფლიო პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეკრება მიუნხენში პირველი მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება უნდა გამხდარიყო, სადაც მოსალოდნელი იყო აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენის მონაწილეობა.
„საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე ამჟამად არსებული გლობალური საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით აშკარაა იმის საჭიროება, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ 2021 წელს, რაც შეიძლება მალე უზრუნველყოს პლატფორმა საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიმღები საერთაშორისო პირების აზრთა გაცვლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ახალი თარიღის განსაზღვრისთვის, რომელიც გამოცხადდება როგორც კი შეთანხმდება შესაბამის ხელმძღვანელებთან “, – ნათქვამია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის ვოლფგანგ იშინგერის განცხადებაში.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლიდან ტარდება.