„ის რეგულაციები, რომლებიც უკვე კვირაზე მეტია ქვეყანაში მოქმედებს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად სასარგებლო აღმოჩნდა“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ჩვენ გვაქვს სტაბილიზაცია დინამიკის ზრდასთან მიმართებაში.
„ის რეგულაციები, რომლებიც უკვე კვირაზე მეტია ქვეყანაში მოქმედებს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად სასარგებლო აღმოჩნდა, ვინაიდან ბოლო პერიოდში, ჩვენ ვაკვირდებოდით გვქონდა რეალურად გეომეტრიული პროგრესია ინფექციის გავრცელების, რაც ნამდვილად ძალიან საშიში იყო არა მხოლოდ იმიტომ, თუ როგორ გაუძლებდა ჯანდაცვის სისტემა ამ გეომეტრიულ ზრდას და შესაბამისად რამდენად შევძლებდით ჩვენ ყოველივე ამის მართვას, არამედ ეკონომიკურ ჭრილშიც ეს იქნებოდა ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა. აქედან გამომდინარე, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, სწორად შერჩეული შეზღუდვები, რაც აისახა იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სტაბილიზაცია დინამიკის ზრდასთან მიმართებაში. როგორც ეპიდემიოლოგები და დარგის სპეციალისტები მუდმივად ვაცხადებთ, მნიშვნელოვანია ამ ანალიზის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, ვინაიდან ის ეფექტი, რომელიც იყო შეზღუდვების დაწესებამდე სწორედ ორი კვირის შემდეგ მოგვცემს გარკვეულ ნიშანს და აქედან გამომდინარე დავიწყებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რა იქნება ჩვენი მომდევნო ნაბიჯები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.