თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში „6 ქვეყნის პლატფორმის“ შექმნის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ეს გაერთიანება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უნდა შეიქმნას. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ერდოღანმა ეს საკითხი ილჰამ ალიევთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე განიხილა. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაერთიანებაში აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველო, რუსეთი, ირანი და სურვილის შემთხვევაში სომხეთიც შეიძლება შევიდეს.
რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ანკარა რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას მხარს უჭერს. მან ასევე განაცხადა, რომ მზად არის სომხეთს კარები გაუხსნას. თურქეთის ლიდერმა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის პოზიტიურ როლზე ისაუბრა.
ცნობისთვის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და იქ სამხედრო აღლუმს დაესწრო.