logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: დროა, მოჯადოებული წრე გავარღვიოთ!
- +

11 დეკემბერი. 2020. 12:27

 

 

„დავიღალეთ“! საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და ამ დარბაზის გარეთ. „დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით, ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა! ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა.

 

მისი თქმით, სიძულვილი ქვეყანას ტოვებს გახლეჩილს, დაუცველსა და დასუსტებულს იმ დროს, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ეროვნული ენერგიის მობილიზება გამოწვევებთან გასამკლავებლად.

 

 „დავიღალეთ“! საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და ამ დარბაზის გარეთ.

 

„დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით!

 

ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა!  ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება!

 

„დავიღალეთ“ მუდმივი ბრძოლით ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის: ზვიადისტები, ანტიზვიადისტები, შევარდნაძისტები, ანტიშევარდნაძისტები და ეს დღესაც გრძელდება. იმ დროს, როცა ქვეყანას დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება!

 

„დავიღალეთ“ გაუთავებელი ლანძღვით, შეურაცხყოფებით, ქართული და კავკასიური ზრდილობის უგულებელყოფით!

 

სიძულვილი ქვეყანას ტოვებს გახლეჩილს, დაუცველსა და დასუსტებულს იმ დროს, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ეროვნული ენერგიის მობილიზება გამოწვევებთან გასამკლავებლად.

 

საზოგადოების მოთმინება ამოიწურა, რამეთუ თითქმის 100 წელი გავიდა, რაც რუსეთის XI არმიამ დამოუკიდებელი საქართველო დაიპყრო. თითქმის 30 წელია, რაც ხელახლა აღდგა დამოუკიდებლობა და დასრულდა საბჭოთა იმპერია და ვაშენებთ სახელმწიფოს. 30 წელი კი სიმწიფის ასაკია - ადამიანისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც. დროა, მოჯადოებული წრე გავარღვიოთ!

 

საქართველო გზაგასაყარზეა. ქვეყანა გათავისუფლდა ხილული ბორკილებისგან, მაგრამ უფრო მყარი აღმოჩნდა უხილავი ბორკილები. დღეს ვართ დამოუკიდებლები, ვართ თავისუფლები, თუმცა ჯერ კიდევ გვჭირდება ჩვენი ცნობიერების გათავისუფლება და ინსტიტუტების გაძლიერება. ამისთვის კი საჭიროა გავთავისუფლდეთ იმისგან, რაც გვაბრკოლებს:

 

შიში სიმართლის თქმისა, შიში ინიციატივის და პასუხისმგებლობისა! თამამი ნაბიჯების გადადგმის შიში! შიში, რომელიც ყველაფერს აბრკოლებს და ჩვენს თავს გვართმევს.

 

ტყუილი და ხალხით მანიპულირება ცრუ ლოზუნგებისა და პოპულისტური დაპირებების მეშვეობით. იდეოლოგიების დრო დასრულდა: კომუნიზმი  დასრულდა,  ულტრალიბერალიზმმაც ვერ გაამართლა, ურაპატრიოტიზმი რეალური ეროვნული შემართების საპირისპიროა. ფანატიზმი შლის საზოგადოებას და  ანგრევს პიროვნებას.

 

ერთგვარი კოლონიალური კომპლექსი, რომელიც დამოუკიდებლობის სრულფასოვან აღქმას აბრკოლებს; ნაკლებად  გვჯერა საკუთარი თავის, საკუთარი წიაღიდან წამოსული სიტყვისა და აზრის. ეს გვართმევს თვითდაჯერებულობას, რომლის გარეშეც შეუძლებელია გვქონდეს საკუთარ თავის რწმენა და ეფექტურად ვმართოთ ქვეყანა. ეს ჩვენი სისუსტეა, რომელიც გვაიძულებს, მაგალითად, მუდმივად ვამტკიცოთ ჩვენი ევროპელობა მაშინ, როცა ევროპელობა ჩვენი ისტორიისა და კულტურის არსია.

 

ნეპოტიზმი, რომელიც გზას უკეტავს პროფესიონალიზმს. უნდა დასრულდეს გამოცდილებისა და ცოდნის უგულებელყოფა, რაც შრომის ბაზრიდან უფროსი თაობების განდევნას ამართლებს და გვაღარიბებს. დაუშვებელია ნიჭიერების და განათლების დაუფასებლობა; დამღუპველია შიში თავისუფალი ადამიანისა. ეს გვაკარგვინებს ძვირფას ადამიანურ რესურსს და აფერხებს მათ მოზიდვას ქვეყნისა და საზოგადოების სამსახურში.

 

მერკანტილური მიდგომა, რაც გამოითქმის ორი სიტყვით - „მე რა?“ - მრავალჯერ გავიგონეთ არჩევნების და არა მხოლოდ არჩევნების დროს.  უანგარობა და თავდადება სისულელედ უფრო აღიქმება, რაც საწყისშივე კლავს სახელმწიფო მოღვაწეობის სურვილს. ერთნაირად გვესმის მოღვაწეობა, საქმიანობა და მუშაობა! მერკანტილობა გვიბიძგებს სწრაფი მატერიალური შედეგის მიღებისკენ და არა  გრძელვადიანი მიზნის მიღწევისკენ. იმაშიც გვიშლის ხელს, რომ სათანადოდ დავაფასოთ მეცენატობა.

 

 

 

მტრად და მოღალატედ გამოცხადება, რაც ყველა ტოტალიტარული რეჟიმის პირველი მახასიათებელი იყო. მტრის ხატით, მისი ძიებით შიგნით და გარეთ, ამართლებდნენ ადამიანების დამონებას, საზოგადოების ჩაკეტვას და პიროვნებების განადგურებას.  ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ ეს ტერმინები, ეს ენა, ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებისა და ადამიანებისადმი. ამ ბორკილების დამსხვრევაზე დამოკიდებულია ჩვენი მომავალი ახალი, თანამედროვე, ძლიერი საქართველოს შექმნა“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner