logo_geo
eng_logo
ურმას პაეტი: საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა არჩევნების წარმატებით ჩატარება, ჩვენ შევაფასეთ და აღვნიშნეთ, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, დაცული იყო თავისუფლება
- +

11 დეკემბერი. 2020. 16:16

 

 

„31 ოქტომბერს და 21 ნოემბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნები მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი იყო ქვეყნის დემოკრატიისთვის“, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ურმას პაეტმა, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

„საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემა ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ პირებს შორის შეთანხმების მიღწევის შედეგად იქნა მიღებული. მას ხელი 10 მარტს მოეწერა საქართველოში საერთაშორისო წარმომადგენლების აქტიური ფასილიტატორობისა და ძალისხმევის შემდგომ. მათ შორის იყო საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. თუმცა, სამწუხაროდ ევროპარლამენტმა ვერ მოახერხა საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა, რაც საქართველოსა და ევროკავშირში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით იყო გამოწვეული“,- განაცხადა პაეტმა.

 

ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიციამ უარი თქვა მანდატებზე, რაც ხელს შეუშლის იმ ინსტიტუტის ფუნქციონირებას, რომელიც დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

„მიუხედავად ამ რთული გარემოებებისა, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, რომ არჩევნები წარმატებით ჩაეტარებინა. არჩევნების ორივე ტურის ჩატარების შემდგომ, ჩვენ შეფასებები გავაკეთეთ და აღვნიშნეთ, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და საბოლოო ჯამში, დაცული იყო თავისუფლება, მიუხედავად ამომრჩეველზე ზეწოლის სამწუხარო ფაქტებისა.

 

არჩევნების მიმდინარეობის დღეს და კამპანიის დროს დარღვეული იყო ხაზი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. ჩვენ, ასევე, აღვნიშნეთ სისტემური პრობლემები, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება გადაჭრა, როგორიც არის მედიის პოლარიზება, პოლიტიკური ლანდშაფტი და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხი. სამწუხაროდ, არჩევნებმა ვერ შეძლო მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის არსებული ღრმა განსხვავებების აღმოფხვრა.

 

ოპოზიციური პარტიები არ დაეთანხმნენ არჩევნების პირველი ტურის შედეგებს და ბოიკოტი გამოუცხადეს მეორე ტურს. მათ, ასევე, უარი თქვეს თავიანთ მანდატებზე პარლამენტში. ეს რეალურად ხელს შეუშლის პარლამენტის სრულ ფუნქციონირებას და იმ ინსტიტუტის ფუნქციონირებას, რომელიც დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები კიდევ ერთხელ შუამავლობენ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს იმ იმედით, რომ იპოვიან პოლიტიკურ გამოსავალს ამ მდგომარეობაში. პარლამენტის პირველი სესია ხვალ ჩატარდება. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ დღეს საქართველოში ჩატარებული არჩევნების განსახილველად“,- განაცხადა ურმას პაეტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner