„უპირველესდ უნდა ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილს არავინ ეკითხება, ვინ კანონიერად და ვინ უკანონოდ შევიდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „მნიშვნელოვანია, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში, დროზე გამოვიყვანოთ იქიდან“.
ამასთან, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პარლამენტიდან გამოყვანაზე მუქარა დაუშვებელი და მიუღებელია.
„ქართველმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო და ქართველი ხალხის გადაწყვეტილება გაფორმდა დღეს. შესაბამისად, ეს ის არის, რაც იქნება ქართული პოლიტიკის რეალობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კითხვაზე, რა არის მიხეილ სააკაშვილის მოტივი, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამის ახსნა გაუჭირდება.
„ეს ყველაფერი ძალიან ძნელად პროგნოზირებადი და ასახსნელია. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ეს კატეგორიულად მიუღებელი და აბსოლუტურად დაუშვებელია“, – განაცხადა სარჯველაძემ.