„ჩვენი პრიორიტეტი ქვეყნის განვითარება, მისი დასავლური კურსია, ის, რაც, წინა მოწვევის პარლამენტმა, კონსტიტუციაში ავსახეთ. ამით ვამაყობ და მთელი ცხოვრება ვიამაყებ. ჩვენი დასავლური მიმართულება საქმით დავამტკიცეთ და არა მხოლოდ - საუბრით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
„მთავარი საზრუნავი ოკუპირებული ტერიტორიები, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ის კრიზისია, რომელიც, პანდემიის გამო, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს აწუხებს. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიბრძოლოთ, რომ ზიანი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. დარწმუნებული ვარ, რომ საკანონმდებლო ორგანო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, ვინც რაციონალურად ფიქრობს, ახლა მთავარ საზრუნავად მიიჩნევს იმას, რომ საკანონმდებლო ორგანომ რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გამოუცხადოს მთავრობას იმ საქმესთან დაკავშირებით, რასაც ამ კრიზისის დაძლევის გზები ჰქვია. მეორეა მთავარი პოლიტიკური თემები, რომლებიც, შეიძლება, ვიღაცისთვის სანახაობრივია, მაგრამ რეალურად, ე.წ. კულისებში, კანონშემოქმედებით საქმიანობასა და მის აღსრულებაში, ძალიან ბევრი საქმე კეთდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.