აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, აშშ-ის უზენაეს სასამართლოს ამერიკის გადარჩენისკენ მოუწოდებს.
„ვინაიდან მომდევნო წლების განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაცია სკანდალებით მოცული იქნება, აშშ-ის უზენაესი სასამართლოსთვის ბევრად უფრო იოლი იქნება, კონსტიტუცია დაიცვას და გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია. უზენაესმა სასამართლომ დიდი გამბედაობა და სიბრძნე უნდა გამოიჩინოს - აშშ უნდა გადაარჩინოს!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“.
10 დეკემბერს 17 შტატი უზენაეს სასამართლოში ტეხასის შტატის სარჩელს შეუერთდა, რომლითაც ოთხ შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვენ.
8 დეკემბერს არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების გამო, ტეხასის შტატმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ოთხი შტატის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
როგორც ტეხასის შტატის გენერალურმა პროკურორმა, კენ პაქსტონმა განაცხადა, ჯორჯიის, მიჩიგანის, პენსილვანიისა და ვისკონსინის შტატების ამომრჩეველთა კოლეგიის წევრებს ხმის მიცემის უფლება არ უნდა მიეცეთ, ვინაიდან აღნიშნულმა შტატებმა კორონავირუსის პანდემიის დროს ხმის მიცემის პროცედურა არაკონსტიტუციურად შეცვალეს, რათა ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების რაოდენობა გაეზარდათ.
რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო.
ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.