logo_geo
eng_logo
ლევან თაქთაქიშვილი: თითქოს ეს ვირუსი საცერია, ჩვენ კი ფქვილი, რომელსაც გვცრის...
- +

11 დეკემბერი. 2020. 19:49

 

 

ეს რა დღეში ვართ! დღეში 40–ზე მეტი ადამიანი მიჰყავს ამ დასაწვავს, თითქოს ეს ვირუსი საცერია, ჩვენ კი ფქვილი, რომელსაც გვცრის. ვაქცინა მოვაო, მაგრამ მგონი სანამ ავიცრებით, მთლიანად გავიცრებით. რამდენი ძვირფასი ადამიანი წაიყვანა, შევატცყე, რომ ვირუსის დამმარცხებლები, რომელთა რიცხვი ჩემს გარშემო ათობითაა, უფრო აჟიტირებულნი არიან! რომ ტკბილია ეს ცხოვრება, აქედან ჩანს. მარა არიან ისინიც, რომ უნებლიედ გადასდეს სხვას, თვითონ დაამარცხეს, სხვა კი წავიდა. რა საშინელებაა ... შენ არ ხარ დამნაშავე, არ არის ეს ქმედება დასჯადი, არავინ არ გაგკიცხავს, მარა... პრინციპში, უარესი არაა? არაფერი დაგიშავებია, არაფერი, მეგობართან მიხვედი, იცოდი, რომ რაღაც გტეხდა, შეუძლოდ გრძნობდი თავს და მის დედ–მამას შეჰყარე. შენ გადარჩი , მეგობრის მშობლები კი... მიდიხარ მასთან შემდგომ და ისევ ისეთი შეხვედრა, არაფერი უთქვამს, არაფერი, პირიქით, მოგეფერა მაგრამ... შენ ეს მოფერებაც გაგიკვირდა.. რატომ მოგეფერა? ე. ი. არ უნდოდა , რომ შენ უხერხულად გეგრძნო თავი , მაგრამ რაღაც გჭამს... კედელზე დაკიდებული ფოტოდან მეგობრის მშობლები გიყურებენ... ეს რა დღეში ჩაგვაგდეო... დგები და წამოსვლა გინდა... მოდიხარ, შეძრული, ნაწყენი, ვისზე? მას ხომ არაფერი უთქვამს? არა... და ამ დროს მომაკვდინებელმა კითხვამ გაგიარა: შენ რომ მის ადგილზე ყოფილიყავი, შენი დანახვა მოგინდებოდა? ჰა?

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner