logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ფაქტობრივად, პრემიერმა ხიდაშელს მოუწოდა, დატოვოს თანამდებობა!
- +

3 მარტი. 2016. 12:17



„ვეხმაურები ბატონი კვირიკაშვილის განცხადებას და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის აბსოლტურად ადევატური შეფასება იმ რეალობისა, რომელიც რესპუბლიკელებმა დანერგეს საქართველოს მთავრობაში! სრულიად მხარს ვუჭერ პრემიერის პათოსს", - მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:

 

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მთავრობაში მოღვაწეობის განმავლობაში რესპუბლიკელები (თინათინ ხიდაშელის თაოსნობით) მუდმივად ეწეოდნენ შიდა კოროზიის გაჩენის პროცესს, რომელიც უცილბლად უნდა გადაზრდილიყო მოსახლეობის საყოველთაო უკმაყოფილებაში.

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკელების მოღვაწეობა სრულ უნისონშია ნაციონალურ მოძრაობასთან, ხოლო ხიდაშელ-ბოკერიას ტანდემი იმდენად თვალნათელია, რომ ზედმეტი ფაქტებისა და არგუმენტების მოყვანას აღარ საჭიროებს.

 

ქალბატონი ხიდაშელის დესტრუქციული საქმიანობის აპოგეად შეიძლება ჩაითვალოს ჯარის პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა, რომელიც გამოიხატა არჩევნების ფალსიფიკაციის გამოძიების დაწყების პროცესებში. მსგავსი ამაზრზენი ქმედება არცერთ თავდაცვის მინისტრს არ ჩაუდენია, რაც ნათლად მეტყველებს ქალბატონი ხიდაშელის არაადევატურობაზე. თანამდებობის შენარჩუნების დაუოკებელი სურვილით გადადგმული თითოეული ნაბიჯი ნათელს ხდის სამწუხარო რეალობას, რომ თავდაცვის მინისტრი მზადაა ყველა და ყველაფერი გასვაროს ბინძურ პოლიტიკურ ინტრიგებში.

 

სრულად ვეთანხმები ბატონ პრემიერს, რომ ჯარის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების მცდელობა გახლდათ ყველაზე საშინელი რამ, რაც ქალბატონმა თინათინ ხიდაშელმა ჩაიდინა. ყოველივე ნათელს ხდის იმ უკიდეგანო არაპროფესიონალიზმს, რაც, სამწუხაროდ ახასიათებს ქალბატონ მინისტრს. მან არ იცის, რა არის შეიარაღებული ძალები, ხოლო თავდაცვის სამინისტრო საეჭვო გრანტებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ან საკუთარი სახლის სამზარეულო გონია.

 

სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დაქალებთან ფინჯან ყავაზე მოჭორავე ქალბატონის ინტონაციით საუბრობს. ეს შეურაცხყოფს ქართულ სახელმწიფოს და არასერიოზულობის იმიჯს სძენს მთავრობის მუშაობას.

 

ასევე, უმნიშვნელოვანესია პრემიერის შეფასება, რომ თავდაცვის მინისტრი დარჩა მხოლოდ თავისი პოლიტიკური პარტიის შეკვეთების გამტარებლად, როდესაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი მაღლა უნდა იდგეს ყველანაირ ვიწროპარტიულ ინტერესებზე.

 

ქალბატონმა ხიდაშელმა ვერ გამოიყენა ის უნიკალური შანსი, რომელიც მიეცა მას. თანამდებობის დაკარგვის შიშით საქართველოს მოსახლეობის დაშანტაჟება, რომ თუ ის არ იქნება მინისტრი ამის გამო ევროპა და ამერიკა გაგვრიყავს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის არასერიოზულობას და აბსოლიტურ არაპროფესიონალიზმს.

 

დღეს პრემიერმა, ფაქტობრივად, მოუწოდა ქალბატონ ხიდაშელს, რომ დატოვოს თანამდებობა და თუ არსებობს მის გარშემო კეთილისმსურველი ადამიანები, მათ აუცილებლად უნდა ურჩიონ სასწრაფო წესით გადადგომა, რადგან ქართული სახელმწიფოებრიობის სიმტკიცისთვის ეს აუცილებელი საკითხია.

 

P.S. ნახევრადხუმრობით-თუ მთავრობიდან წასვლის განცხადების დაწერა უჭირს, შეუძლია მომმართოს ამ საქმეში გამოცდილ ადამიანს და აუცილებლად დავეხმარები!", - წერს სანდრო ბრეგაძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner