ავტორი თეა ფირცხალავა
ვინაიდან დღეს ლეგენდარული ფრენკ სინატრას დაბადების დღეა, გაგაცნობთ კიდევ ერთ „ლეგენდას“, რომელიც ამ დიდი ხელოვანის სახელს უკავშირდება. ეს გახლავთ დიპლომატიურ წრეებში კარგად ცნობილი „სინატრას დოქტრინა“, რომლის შესახებაც, ალბათ, ბევრს არ სმენია.
ამ ტერმინის ავტორობა რამდენიმე ცნობილ პოლიტიკოსს „ბრალდება“, მათ შორის სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრს ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც განთქმული იყო თავისი გურული იუმორით და პოლიტიკური წიაღსვლებით და მიხეილ გორბაჩოვს, რომელსაც, იცოცხლე, ლაპარაკი კი ეხერხებოდა, მაგრამ, როგორც „ავი“ ხმები ამბობენ, იუმორში საკმაოდ მოიკოჭლებდა. სინამდვილე კი სულ სხვა იყო:
ტერმინი „სინატრას დოქტრინა“ პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც 1989 წლის 25 ოქტომბერს, ამერიკის ერთ-ერთ სინდიცირებულ სატელევიზიო პროგრამაში, ზოგი წყაროს თანახმად, შოუში „დილა მშვიდობისა ამერიკა“, სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენადი გერასიმოვმა, კომენტარი გააკეთა ორი დღით ადრე მინისტრ ედუარდ შევარდნაძის გამოსვლაზე და სსრკ-ს მიერ 1989 წელს აღებულ ახალ საგარეო პოლიტიკურ კურსზე, რომელსაც, ხუმრობით, „სინატრას დოქტრინა“ უწოდა.
საჯარო გამოსვლისას ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ სსრკ უარს აცხადებდა ვარშავის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოების გავლენაზე, რის შემდგომაც მათ შეეძლებოდათ, თავისი გზით ევლოთ და აღარ ჰქონოდათ სსრკ-ს დახმარების იმედი.
ამერიკულ სატელევიზიო გადაცემაში გენადი გერასიმოვმა მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა:
„დღეს ჩვენ გვაქვს „სინატრას დოქტრინა“, რასაც საფუძვლად დაედო ფრენკ სინატრას ცნობილი სიმღერა „I Did It My Way“ („მე ეს ჩემებურად გავაკეთე“), ანუ, გადატანითი მნიშვნელობით, „მე ჩემს გზას გავუდექი“.
იმ დღეს გაჟღერებულმა სიტყვებმა და„სინატრას დოქტინამ“ ერთგვარი სიგნალი გაუგზავნა აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ სახელმწიფოთა ლიდერებს, რაც იმას ნიშნავდა, რომ აწი ბულგარეთს, გდრ-ს, პოლონეთს, რუმინეთს, უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიას შეეძლოთ მათებურად ეცხოვრათ, ანუ, ისე ეცხოვრათ, როგორც თავად სურდათ, ანუ, თავიანთ გზას გაყოლოდნენ.
1989 წლიდან ტერმინი „სინატრას დოქტრინა“ ძალზე პოპულარული გახდა მთელი მსოფლიოს დიპლომატიურ წრეებში და მას დღესაც წარმატებით იყენებენ - სხვადასხვა სახელმწიფოთა მიმართ.