ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გორს EURO 5-ის სტანდარტის 10 ავტობუსი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში, 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.
„პროექტი საშუალებას მისცემს ამ ქალაქების მოსახლეობას, რომ ისარგებლონ თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით, რომლებიც შეესაბამება ყველა თანამედროვე ევრო სტანდარტის ტექნიკურ მოთხოვნას, მათ შორის, ვენტილაციის სისტემაც.
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ხოლო ქუთაისს 60 ერთეული ავტობუსი.
პროგრამა საშუალებას მისცემს ქალაქებს განავითარონ მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორი, ხოლო მოსახლეობა ისარგებლებს თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით.
175 ავტობუსი სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა. ახალი ავტობუსების მარშრუტებსა და სატრანსპორტო დერეფნებს კი მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ“,- ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, მომდევნო წლის გაზაფხულამდე გორს ეტაპობრივად გადაეცემა კიდევ 20 (მათ შორის, 12 ცალი 83 მგზავრზე გათვლილი) ახალი ავტობუსი. ყველა სატრანსპორტო საშუალება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია.