logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: ბოკერიამ, ადეიშვილმა, კუბლაშვილმა დაიბარეს მოსამართლეები და აიძულეს, დაეტოვებინათ სამსახურები!
- +

3 ივლისი. 2016. 18:47


„სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა მოქალაქეთა უფლებების ტოტალურ ხელყოფას და ამის ხელშემწყობები იყვნენ მოსამართლეები", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბრისას  კონტროლის პალატის ყოფილმა უფროსმა სულხან მოლაშვილმა. ის მანანა კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მოსამართლეებს მოუწოდა, აღიარონ წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის შემთხვევები. მოლაშვილის თქმით, კარგი იქნებოდა, ამაზე რეაგირება არსებულ ხელისუფლებას ადრევე მოეხდინა. კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ მანანა კობახიძე მართებულად იქცევა, როდესაც მოუწოდებს მოსამართლეებს, აღიარონ ზეწოლის ფაქტები, მაგრამ მოლაშვილის შეფასებით, ეს მორალის სფეროა.


„გამოკეტე ქურდი ბნელ ოთახში და უკითხე მორალი სიკეთესა და ბოროტებაზე,  მაშინ, როცა სხვისი ქონება უკვე მოპარული აქვს. რა გამოვა ამით, ამას პრევენციული მნიშვნელობაც არ აქვს", - აღნიშნა მოლაშვილმა.


მისი თქმით, უმჯობესია, მოხდეს საქმეების გადახედვა და კონკრეტულ მოსამართლეთა მიერ გამონატანილი განაჩენების შესწავლა.


„პოლიტიკოსს, რა რანგისაც არ უნდა იყოს, აქვს უფლება, შეაფასოს მოსამართლეთა საქმიანობა, მათი დადებითი და სუსტი მხარეები. არავისთვის არ არის უცნობი, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს მთლიანად გათახსირებული იყო როგორც ქართული კანონმდებლობა, ისე სასამართლო სისტემა, საგამოძიებო სამსახურები, ერთი-ორი გამოკალისის გარდა. საკუთრივ ჩემს საქმეში იყო მოსამართლე, რომელმაც განსაკუთრებული ობიექტურობა გამოიჩინა. ეს მას ძვირად დაუჯდა, მაგრამ პრინციპულობა გამოიჩინა; ღირსება, დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. ეს იყო მოსამართლე კვანტალიანი, რომელიც დაემორჩილა არავითარ ზეწოლას. მისი მსგავსი ადამიანები დაწინაურებას და სისტემაში დაბრუნებას იმსახურებენ. სხვები,მოსამართლეებისა და პროკურორების უმრავლესობა, სამწუხაროდ, დაემორჩილნენ და წავიდნენ სისხლიან კომპრომისებზე, რამაც ქვეყანისთვის მძიმე შედეგები მოიტანა.

 

დღეს პრეზიდენტმაც ისაუბრა თავის მოხსენებაში მოსამართლეთა შერჩევის წესზე და ამ წესების დიდ მნიშვნელობაზე, მაგრამ როდესაც ჩვენ ვითხოვთ, შევარჩიოთ მოსამართლეები განსაკუთრებული წესით და საუკეთესო იურისტები გავამწესოთ მოსამართლეებად, ცოტა  წარსულისკენ უნდა გავიხედოთ და უკეთ დავგეგმოთ რეფორმები.

 

გავიხსენოთ, როგორ შეიქმნა არსებული სასამართლო სისტემა. სააკაშვილმა და მისმა კრიმინალმა თანამოძმეებმა: ბოკერიამ, ადეიშვილმა, კუბლაშვილმა დაიბარეს მოსამართლეები, აიძულეს მათ, დაეტოვებინათ სამსახურები, უკანონოდ შეუწყვიტეს უფლებამოსილება. არცერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მაშინ ხმა არ ამოიღო და არ იკითხა, რატომ უშვებდნენ ამ მოსამართლეებს სახლებში უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე! ეს იყო თავი და თავი შეცდომისა. 

 

სხვა საკითხია, როდესაც ზეწოლის ფაქტები, მოსამართლეთა უმსგავსო ქმედებები ცხვირწინ დევს, უამრავი სისხლის სამართლის საქმის სახით, სადაც თვალნათლივ ჩანს ის საშინელებები, რომელთა გამოც გვარები, სანათესაოები, ოჯახები ნადგურდებოდა, ადამიანები კარგავდნენ ჯანმრთელობას, განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტერორს. ეს ყველაფერი ცხვირწინ დევს, ამიტომ მოსამართლეებისადმი მიმართვა და შეგონება კი არ უშველის, ამას უშველის ამ საქმეების გულდასმით შესწავლა. საქართველოს ყველა პატიოსანი იურისტის ერთიანი ძალისხმევით უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ამ საქმეებს, სააშკარაოზე გამოიტანს და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ამას სახელს დავარქმევთ. ვფიქრობ, ეს შანსი ამ ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა. კარგი იქნება, თუ ამას მეორე მოწვევის პარლამენტი მაინც შეძლებს", - აღნიშნა მოლაშვილმა.


მის თქმით, აუცილებელია კანონმდებლობის გამოსწორება, რასაც უზრუნველყოფენ ქვეყნის მთავარი იურისტები.

 

„უნდა ჩატარდეს დიდი ფორუმი, მოსამართლეების, იურისტების, პროკურორების მონაწილეობით, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევიმუშაოთ საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ კანონმდებლობა, საპროცესო კანონმდებლობა და დავამთავროთ ამდენი იწილო-ბიწილო ამ თემის ირგვლივ. არ შეიძლება, სასამართლოს რეფორმა მუდმივად მიმდინარეობდეს, ამას უკვე რეფორმა აღარ ჰქვია. ამიტომ 2-3 წელიწადი დღევანდელ პირობებში, 2 სასესიო პერიოდიც საკმარისია იმისთვის, რომ არ დარგში რეფორმები წარმატებით განვახორციელოთ", - განაცხადა მოლაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner