„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ძმების ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ განუცხადა.
მისივე განცხადებით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„ჯერჯერობით, ბიძინას ჩვენება მიცემული არ აქვს. ალბათ, ბრალის წარდგენის დროს მისცემს ჩვენებას და, შესაბამისად, ამის შემდეგ გადმოგვეცემა საქმის მასალები. ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია და მისი მდგომარეობა ნორმალურია. ბუნებრივია, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მის მანქანაში ნივთები ჩადებულია“, - აცხადებს ადვოკატი იოსებ ჯანაშია.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბადრი და ბიძინა ესებუების ინტერესებს ადვოკატები, იოსებ ჯანაშია და ხათუნა ჯანაშია დაიცავენ. ეს გადაწყვეტილება იურისტებმა ოჯახთან ერთად მიიღეს.
ბიძინა ესებუა გუშინ დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე სსსკ-ის 236-ე მუხლითაა აღძრული. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.
მისი ძმა, ბადრი ესებუა, რომელიც 21 ოქტომბერს შეიარაღებული შეიჭრა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში, ამ დრომდე იძებნება. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.