იმ პარტიებიდან, სადაც „მოღვაწეობენ“ დასვით უსუფაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე, გრიგოლ ვაშაძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ კიკაბიძე, ფიქრია ჩიხრაძე, ბადრი ჯაფარიძე, ძმები ბერძენიშვილები, კოტე კემულარია, ელენე ხოშტარია, თაკო ჩარკვიანი, რომან გოცირიძე და სხვები, მაცნობეს, რომ აქ, ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა კომუნისტური არჩევნები და დამყარდა საბჭოთა წეს-წყობილება. უფრო გასაგებად რომ გითხრათ (გახაროთ), საქართველოში აღდგა საბჭოთა კავშირი.
ახლა არ დამიწყოთ, ამ ერთი ციცქნა საქართველოში ვეებერთელა საბჭოთა კავშირი რანაირად ჩაეტიაო?
ჰმ... ამასწინებზე გიგი უგულავამ თქვა ტელევიზორში, თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევაო. დიახ, თუ გული გულობს, არა მხოლდ ქადა იჭმება ორივე ხელით, პატარა ქვაბში დიდი ქვაბიც ეტევა და საქართველოში საბჭოთა კავშირიც თავისუფლად თავსდება.
მოკლედ, შევთანხმდეთ, საქართველოში აღდგა საბჭოთა კავშირი. სანამ მკითხავთ, ანაბრები როდის დარიგდებაო, უნდა მოგახსენოთ, რომ ჯერ გვჭირდება ცეკას პირველი მდივანი. დავსხდეთ, განვიხილოთ, დავადგინოთ. ჩემი ღრმა რწმენით, ამ თანამდებობას იმსახურებს ამხანაგი დავით უსუფაშვილი. იცით, რეიზა?! იმიზა, რომა... ის კომუნისტურ პარტიაში შევიდა 1989 წლის 10 აპრილს, იმ დღის მეორე დღეს, როცა საბჭოთა ჯარებმა რუსთაველზე ჩვენი გოგო-ბიჭები აჩეხეს ნიჩბებით. ვაღიაროთ, ეს იყო დიდი შეცდომა და სწორედ ამიტომაც ჰქმნა უსუფაშვილმა მაი საქმე, მისი დიადი მიზანი იყო, შესულიყო პარტიაში და შიგნიდან დაელაგებინა სიტუაცია, გასაკიცხი გაეკიცხა, დასასჯელი დაესაჯა, დასაჯილდოებელი დაეჯილდოებინა. სამწუხაროდ, ამხანაგ დავითს არ დასცალდა, მის ჯინაზე საბჭოთა კავშირი დაშალეს.
სხვათა შორის, პირველი მდივნის თანამდებობაზე კიდევ სამი კანდიდატი გვყავს – ამხანაგი მიხეილ სააკაშვილი, ამხანაგი გრიგოლ ვაშაძე და ამხანაგი მამუკა ხაზარაძე. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ესენი ერთმანეთს ვერ იტანენ – მაგალითად, ამხანაგი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ამხანაგი მამუკა ხაზარაძე არის ტლუ:
„ამ კაცმა ვერაფერი ისწავლა ცხოვრებაში, გეპეის კომკავშირის მდივანი როცა იყო, გამოვარდნენ გეპეიდან დუბინკით ის და მისი ბოევიკები და მერაბ კოსტავას, რომელსაც ერთადერთი პალტო ჰქონდა, საცოდავს ცხოვრებაში, რადგან ციხიდან იყო ახალი გამოსული, მამუკა ხაზარაძემ ის პალტო მთლიანად შემოახია“.
რაც შეეხება თვით ამხანაგ სააკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ დაიბადა თბილისში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში (ასე უწერია ბიოგრაფიაში), მსახურობდა უკრაინის სასაზღვრო ნაწილში, რომელიც ყოველთვის იყო „კაგებეს“ კონტროლის ქვეშ, მაინც აქვს მიდრეკილება ანარქიული ქმედებებისკენ – როდესაც საქმე ეხება პროლეტარიატსა და კომუნიზმის ნათელ იდეებს, ახასიათებს ტვინის ამღვრეულობა და დორბლიანობა. მეტიც, ის ზოგიერთ საკითხს ისე უყურებს, როგორც ლენინი ბურჟუაზიას. ამას თავადვე აღიარებს, როცა საბჭოთა ჯარში ვმსახურობდი, პოლიტიკურად არასანდოობაში მადანაშაულებდნენო:
„ერთ-ერთმა რუსმა ოფიცერმა ჩემზე საჩივარიც კი დაწერა და მე პოლიტიკურად არასანდოობაში დამადანაშაულა, უკრაინელმა პოლკოვნიკმა კი ეს საჩივარი ხელში ჩაიგდო, მანახა ეს დოკუმენტი და ჩემს თვალწინ დახია“.
სხვათა შორის, ამხანაგი მიხეილ სააკაშვილი თავისი დაუდგომლობით, ანცობით და ბიოგრაფიით ძალიან ჰგავს ამხანაგ ვლადიმერ ლენინს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორივენი 21 რიცხვში არიან დაბადებულნი, პირველი დეკემბერში, მეორე იანვარში. რაც მთავარია, ორივე რევოლუციონერია, ერთმა რუსეთში დაამხო ნიკოლოზ მეორე, მეორემ საქართველოში დაამხო ედუარდ პირველი.
გრიგოლ ვაშაძე – ამ ამხანაგზე თამამად ვისაუბრებდი, რომ არა მისი ორსახოვნება, არა, ბიოგრაფია ნამდვილად სამაყო აქვს, მაგრამ არის ერთი „მაგრამ“... ამ გრიგოლის ბაბუა, ისიც გრიგოლ (გრიშა) ბესარიონის ძე ვაშაძე იყო 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჭიათურაში. მართალია, შემდგომში ამ გრიგოლმა საგვარეულო ბიოგრაფია მკვეთრად გამოასწორა, 1981 წელს წარმატებით დაამთავრა მოთოკვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, 1981-88 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში, მაგრამ შემჩნეულია იმპულსურობასა და ვირეშმაკობაში – მას შეუძლია ერთ დღეს პოლიციელებს უტყაპუნოს, ჟურნალისტებს „თქვე ჩემისებო“ ეძახოს, მეორე დღეს კი დიპლომატიური ენით ამტკიცოს, რომ სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება მარქსიზმის მატერიალურ გაგებას. სხვათა შორის, ამხანაგ გრიგოლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 2008 წლიდან2012 წლამდე ჯიბით ისე ატარა დიადი რუსეთის პასპორტი, ვერავინ ვერაფერს მიხვდა... რომ არა რუსების ჩამშვებობა, ვერც ვერავინ მიხვდებოდა. განა ეს არ არის დასაფასებელი, ამხანაგებო? ამიტომ, შემოვდივარ წინადადებით, ამხანაგი გრიგოლი გავამწესოთ ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნად, შემდეგ კი ვნახოთ, შეიძლება პირველ მდივნობასაც გამოკრას ხელი.
საქართველოში არის ერთი პიროვნება, რომელიც აცხადებს, ცეკას პირველი მდივანი მე უნდა ვიყო, ოღონდ დავით აღმაშენებლის სტატუსითო, ეს გახლავთ ჯუნიორ (გიორგი) ვაშაძე. მისივე მტკიცებით, მდიდარი გამოცდილება აქვს ფუნდამენტური რეფორმების ინიცირების, დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით, რომელიც სათავეს იღებს კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის ფილოსოფიური და სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის შრომებიდან. ჩემი აზრით, „მშვენიალური“ კანდიდატურაა, მაგრამ მისი მერყევი ხასიათი მიგვანიშნებს, რომ ამ ეტაპზე ცოტა ადრეა ამხელა პასუხისმგებლობის დაკისრება. პრინციპში, ამხანაგ ჯუნიორს ისეთი მარჯვენა ხელი ჰყავს თაკო ჩარკვიანის სახით, ნებისმიერ საკითხს წამში გადაჭრის. თუმცა, აქ არის კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი – ეს ადამიანი მოქმედებს დავით აღმაშენებლის სტრატეგიით, რაც წინააღმდეგობაში მოდის მარქსიზმ-ლენინიზმის დიად იდეებთან. მაგალითად, ამხანაგ დავითის სტრატეგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სარზე გასმას. აი, აქ ვაწყდებით ძალიან დიდ პრობლემას – როგორც კულუარებიდან ხდება ცნობილი, სანამ ჯუნიორი თავის ახლობლებს დასვამს სარზე, თურმე დაიჟინა, მანამდე მე უნდა დავჯდეო, უნდა გამოვცადო, ეს რა შეგრძნებებთანაა დაკავშირებულიო. მე თანახმა ვარ, ჯერ დაჯდეს, დანარჩენზე კი შემდეგ ვიმსჯელოთ.
ამხანაგებო, აუცილებლად ამ დიად საქმეში უნდა ჩავრთოთ ნიკოლოზ მაჭუტაძე, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, არც კი ვიცოდი, ამ ბიჭს უთქვამს: მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას, თუკი პარტია მიბრძანებს ამას! ხედავთ, ამხანაგებო, როგორი აღმაფრენა და შთაგონება გამოსჭვივის ამ პოეტური გამონათქვამიდან? დიახ, ჩვენ გვჭირდება ასეთი კადრები, ჩვენ ის უნდა გავამწესოთ კომკავშირის ცეკას პირველ მდივნად და მოადგილედ დავუნიშნოთ ხათუნა გოგორიშვილი, რათა არ ჰქონდეს გადაცდომები, ახალგაზრდაა მაინც, დედას რომ მოკლავს და მამას რომ დაახრჩობს, აქეთაც არ მოგვდგეს ეს ქლიავი!
ამხანაგი რომან გოცირიძე შემოდის წინადადებით, რომ ის დავნიშნოთ ხაზინის უფროსად, სხვათა შორის, ამხანაგ რომანს არ უნდა დავუკარგოთ ერთი ზოგადსაკაცობრიო თვისება – მას შეუძლია ქვეყანაში ყველა გადააქციოს მილიონერად, მართალია, საბჭოთა საზოგადოებაში მილიონერები და მილიარდერები არ არსებობენ, არც სექსი არსებობს, მაგრამ თუ ვთხოვთ, პროლეტარიატის საერთო მდგომარეობას მკვეთრად გაააუმჯობესებს, ანუ ყველას ჯერ გააკუპონებს, შემდეგ კი გამოაკუპონებს. რაც მთავარია, ამხანაგი რომანი ქვეყანაში საფუძველს ჩაუყრის ულვაშიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს.
ამ წერილის დასრულებას ვაპირებდი, მაგრამ მეგობარმა დამირეკა და ორიოდე წუთით შევყოვნდი:
– ალო, გავიგე, საბჭოთა კავშირი აღსდგა, მართალია? – მეკითხება ის.
– მა რააა! – ვპასუხობ მე.
– ერთმა მითხრა, თანამდებობები ნაწილდებაო.
– მა რააა!
– ჰოდა, ერთი თხოვნა მაქვს.
– მთხოვე.
– ბიჭო, შალვა ნათელაშვილი არ დამიტოვოთ ისე... ბოლო-ბოლო, საბჭოთა სკოლა აქვს გავლილი, ინსტიტუტიც მოსკოვში დაამთავრა.
– კარგი, გავითვალისწინებთ.
– დიდი მადლობა.
უი, ნინო ბურჯანაძე? ანზორიკო ბიწაძე? – ჩამძახა ჩემმა მეორე მემ. არ ინერვიულოთ, ამხანაგებო, მშობლიური პარტია ყველას დაუფასებს ამაგსა და ღვაწლს, ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენ გვჭირდება უამრავი კადრი – ცეკას მესამე მდივნები, რაიკომის მდივნები, რაიაღმასკომისა და კომკავშირის მდივნები... ჩვენ ასევე გვჭირდება ფქვილი, ქატო, ქერი, ნამჯა, იონჯა.
ამხანაგებო, თქვენი არ ვიცი და... მე უკვე დავიღალე ამ კეთილებმოტ...ნულთა მაიმუნობით, პრეტენზია აქვთ ქვეყნის მართვაზე და ამ დროს თითზე წასასმელი ტვინი არც ერთს არ გააჩნია თავში.
ფუჰ!!!
P.S. რაც შეეხება ანაბრებს... როგორ გითხრათ, მამუკა ხაზარაძე რომ გახდება ცეკას პირველი მდივანი, ეგრევე დაგირიგებთ. მანამდე არაფერი გეტკინოთ.
გელა ზედელაშვილი