logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: 2019 წლის ეკონომიკურმა წარმატებებმა განაპირობა, როგორ ვებრძოდით 2020 წელს პანდემიას და რამდენად მომზადებულები შევხვდით ამ დიდ გამოწვევას
- +

14 დეკემბერი. 2020. 16:58

 

 

„2020 წელი იყო საკმაოდ რთული და ბევრი გამოწვევებით აღსავსე პერიოდი მთლიანად მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის. მთავრობას სურს, ანგარიში ჩააბაროს საქართველოს მოსახლეობას. ამ პროცესს იწყებს ჩვენი სამინისტრო და მოგახსენებთ, რას ვსაქმიანობდით 2020 წლის განმავლობაში როგორც პანდემიასთან ბრძოლის, ასევე, ზოგადად ეკონომიკის მხარდაჭერის თვალსაზრისით“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პრეზენტაციის –  „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ დაწყებისას განუცხადა.

 

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, 2020 წელზე საუბარი უნდა დაიწყოს 2019 წლიდან, რადგან, მისი თქმით, ფაქტი, როგორ ებრძოდა მთავრობა პანდემიას და რამდენად მომზადებულები შეხვდნენ ამ დიდ გამოწვევას, დიდწილად განპირობებულია სწორედ იმ რეფორმებით, რომლებიც 2019 წელს განხორციელდა.

 

„2019 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით, იყო ძალიან წარმატებული წელიწადი – ეს იყო წელი, როდესაც ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა ხუთი პროცენტით, ეს იყო წელიწადი, როდესაც ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ისტორიულად ყველაზე დაბალ დონეზე იყო და ქართული ექსპორტი აღწევდა 3.8 მლრდ დოლარს, ეს იყო წელიწადი, როდესაც საქართველოს ესტუმრა 9.4 მლ. უცხოელი სტუმარი და მათი შენატანი საქართველოს, ასე ვთქვათ, საერთო ყულაბაში იყო 3.3 მლრდ აშშ დოლარი“ – აღნიშნა ნათია თურნავამ მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გლობალურად ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლებს, რომელმაც საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 7.5 პროცენტს გადააჭარბა.

 

„2019 წელმა ჩვენი რეფორმების წყალობით, მოგვცა შესაძლებლობა, რომ საქართველომ განამტკიცა თავისი პოზიციები უამრავ საერთაშორისო რეიტინგში და გააძლიერა ამ რეიტინგებში კონკრეტული პოზიციები, კერძოდ: სარეიტინგო კომპანიებმა S&P-მ და FITch-მა გააუმჯობესეს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, მსოფლიო ბანკის  Doing Business-ის რეიტინგში საქართველომ კვლავაც ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია – მეშვიდე ადგილი დაიკავა, Fraser Institute-ს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის“ მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ პირველ ათეულში მე-8 ადგილზე გადმოინაცვლა, ხოლო Heritage Faundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზე აღმოჩნდა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner