„ყველანაირი შესაძლებლობის მობილიზება გვექნება, რომ გიორგი გახარიას პიროვნული პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს კომიტეტისგან და ჩემგან, როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრისგან“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ძალიან მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია გიორგი გახარია. მრავალი კვირის წინ ღიად განვაცხადეთ, რომ გიორგი გახარია იქნებოდა არა მხოლოდ პრემიერობის კანდიდატი, არამედ პრემიერი და დღეს, ეს დადასტურდა კიდეც. როგორც მის ვიცე-პრემიერს და ახლა უკვე დეპუტატს, ყველანაირი შესაძლებლობის მობილიზება გვექნება ჩვენს კომიტეტში, რომ მას პიროვნული პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს კომიტეტისგან და ჩემგან, როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრისგან“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ იქნება იუსტიცის მინისტრი, წულუკიანი პასუხობს:
„ამ საკითხზე რაიმე რჩევა თუ მაქვს, არ გეწყინებათ და თქვენი საშუალებით ამ რჩევებს არ გავახმოვანებ“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დღეს წარუდგინა.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტში მთავრობის წევრთა შემადგენლობის წარდგენამდე, უმრავლესობაში კონსულტაციები გაიმართება. მისივე თქმით, მინისტრობის კანდიდატების დასახელება პრემიერ-მინისტრის კანდიდატის, გიორგი გახარიას პრეროგატივაა.