logo_geo
eng_logo
სამშობლო – დავიწყებული დიადი სიტყვა
- +

14 დეკემბერი. 2020. 17:50

 

 

რა შეიძლება იყოს ის ერთი, ერთადერთი, ყველასთვის საერთო, ყველას გამაერთიანებელი თემა, რომლის გარშემოც შეიძლებოდა მთელი ერი დარაზმულიყო!

 

დემოკრატიული ღირებულებები! არა, რადგან დემოკრატიაზე ფუჭი, ამაო, გაუთავებელი საუბრები ისე ამოუვიდა ყელში ქართველ ხალხს, რომ ამ სიტყვაზე უკვე არ რეაგირებს.

 

იქნებ საარჩევნო გარემოს შეცვლაა ის უმთავრესი საკითხი, რომლის გამოც მთელი საქართველო ფეხზე დადგება და სანამ ამ გარემოს არ შეცვლის, სახლში არ წავა?

 

არა, არც არჩევნების თემაა ის თემა, რომელიც თანაბრად აღელვებს ყველას და გულს ისე აუჩქროლებს, რომ ერთ დაძახებაზე გარეთ გამოვა.

 

სხვა უამრავი თემის, უამრავი საკითხის, უამრავი პრობლემის ჩამოთვლა შეგვიძლია, რომლებიც, ცალკე აღებული, უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ საერთო სახალხო საერთო ეროვნული გაერთიანების მიზეზად და მოტივად მაინც ვერ გამოდგება.

 

მაშინ რა არის ის უმთავრესი და უპირველესი, ის ყველას გამაერთიანებელი, ყველასთვის საერთო რამ, რომელიც წესით და რიგით, თანაბრად უნდა აწუხებდეს და თანაბრად უნდა ტკიოდეს ყველას, მიუხედავად მისი სოციალური მდგომაროებისა და პოლიტიკური შეხედულებებისა?

 

რა არის და სამშობლო.

 

სამშობლო – გლობალიზმისა და კოსმოპოლიტიზმის სატანისტურ ეპოქაში დავიწყებული დიადი სიტყვა.

 

– რომელი დგას უფრო მაღლა – სამშობლო თუ ჭეშმარიტება? – იკითხა ფილოსოფოსმა და იქვე უპასუხა – ჭეშმარიტებაო.

 

მცდარი მგონია ეს მოსაზრება, რამეთუ სამშობლოა თავად ჭეშმარიტება და ამდენად, სამშობლოზე მაღლა ჭეშმარიტება დგასო, როცა ამბობ, ეს იგივეა, ჭეშმარიტებაზე მაღლა ჭეშმარიტება დგასო, რომ თქვა.

 

როგორც უფალი, სამშობლო, ერთია ქვეყანაზედა...“

 

უსამშობლო ადამიანი ადამიანის მაგვარი ბიოლოგიური არსებაა, ვიღაცის მიერ შეკოწიწებული რობოტია, რომელსაც ღმერთის დამღა არ აკრავს.

 

მთელი ქართული მწერლობა დაწყებული დასაბამიდან დღემდე ერთ საერთო მიზანს ემსახურება – აღზარდოს ქართველ ადამიანში სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი, განსაზღვროს, განუმარტოს და შეასწავლოს მთავარი მიზანი და დანიშნულება ადამიანის არსებობისა – სამშობლოს მსახურება.

 

ავად თუ კარგად, თითქოს, სახელმწიფოს კი ვაშენებთ, თავისი სტრუქტურებით, ჯარით, პოლიციით, სხვადასხვა სტრუქტურებით, მაგრამ ამ სახელმწიფოში სულ უფრო და უფრო ნაკლებ ჩანს მთავარი, რისთვისაც სახელმწიფო უნდა შენდებოდეს – სამშობლო.

 

დიაც, შეიძლება ააშენო სახელმწიფო, მაგრამ თუ გონივრულად არ მოიქეცი, ამ სახელმწიფოში ადვილი შესაძლებელია სამშობლო დაგეკარგოს და მის ნაცვლად ახალი დუბაი შეგრჩეს ხელთ ან ახალი სინგაპური.

 

დიდი სახელმწიფოები ხშირ შემთხვევებში შეთანხმებულად მოქმედებენ ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც რაღაც ფორმით სათანადოდ ვერ ჯდება მათ საერთო ინტერესებში.

 

საქართველო თავისი აკვიატებული „ენა, მამული სარწმუნოებით“ ჯერჯერობით ვერ ჯდება გლობალიზმის იდეოლოგიურ ჩარჩოში – სამივე ეს ღირებულება, – ენა, მამული, სარწმუნოება, მიუღებელი, უცხო და ხელისშემშლელია გლობალისტური პროცესების განვითარებისთვის.

 

ამიტომაც სასაცილოა, როცა ქართველ პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი მოსკოვში დარბის, მეორე ვაშინგტონში, მესამე ბრიუსელში – არიქა, გვიშველეთო.

 

შველის ნაცვლად კი საქართველო ამ სამივე „წერტილიდან“ ერთდროულად „იბომბება“, იბომბება სხვადასხვა ტიპის ბომბებით – ერთიდან თუჯის ნამსხვრევები ცვივა, მეორიდან – ფოჩიანი კანფეტები, მესამიდან ნახმარი პრეზერვატივები.

 

რით აიხსნება ის ამბავი, რომ ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობა ხალხს დემოკრატიის გადასარჩენად მოუწოდებს, მაგრამ არ მოუწოდებს სამშობლოს გადასარჩენად?

 

დემოკრატია გვინდა, მაგრამ სამშობლო არ გვინდა?

 

არადა, ეს ყველაფერი სამშობლოს გარეშე სახელმწიფო კი არა, სუპერმარკეტია, დიდი, უზარმაზარი სუპერმარკეტი.

 

ჩვენი პოლიტიკოსები სუპერმარკეტის დირექტორის თანამდებობისთვის და ადმინისტრაციული სტრუქტურების კონტროლისთვის იბრძვიან და ქართველ ხალხს სთხოვენ მხარი დაუჭირონ ამ „წმინდაწმინდა“ ბრძოლაში.

 

ეს ეგრეთ წოდებული არჩევნებიც სხვა არაფერია, თუ არა ომი სუპერმარკეტის დირექტორის, მისი მოადგილეების, სექციის გამგეების პოსტების დასაკავებლად.

 

– წინ, სამშობლოსთვის! – დიდი ხანია არავის არ უთქვამს ეს ფრაზა საქართველოში.

 

– არცერთი ნაბიჯი უკან. ჩვენს უკან სამშობლოა! – არც ეს უთქვამს ვინმეს და შეიძლება იმიტომაც, რომ არ არის ჩვენს უკან სამშობლო – ჩვენს უკან სუპერმარკეტია.

 

ამიტომ ხომ არ მოვრბოდით თავქუდმოგლეჯილები 2008 წელს კოდორიდან თუ ცხინვალიდან?

 

კიდევ კარგი, მდევარმა დაგვინდო და გაჩერდა, თორემ მთელი საქართველო ვირბენდით, ვირბენდით სამშობლოს მთა-ბარს გადავირბენდით და ან თურქეთში ამოვყოფდით თავს, ან სომხეთში, ან აზერბაიჯანში.

 

ასე ხდება, სახელმწიფოში სამშობლოს რომ დაკარგავ.

 

როცა დავრწმუნდით, რომ არ მოგვდევდნენ, როცა გარანტიები მივიღეთ, რომ მტერი თბილისში არ შემოვიდოდა, დამარცხებულებმა გრანდიოზული მიტინგი გავმართეთ-გავიმარჯვეთო.

 

დამარცხებულები გამარჯვებას ზეიმობდნენ.

 

მსგავსი ცინიზმი არც მინახავს და არც მსმენია...

 

სიმღერები, ცეკვა-თამაში, ომახიანი გამოსვლები დიდხანს არ შეწყვეტილა, მაგრამ არავის მოუკითხავს სამშობლოს ის ნაწილი, მომხვდური რომ დაეპატრონა.

 

რაც უკვე დაკარგული გაქვს, რაც არ გაქვს, ის რატომ უნდა მოიკითხო?

 

გარბიან ქართველები საქართველოდან, მილიონნახევარია უკვე გაქცეული და ერთ ამდენსაც გაქცევაზე უჭირავს თვალი, ოღონდ გაქცევის საშუალება არ აქვთ და რა ქნან?

 

გარბიან ქართველები ქართული სახელმწიფოდან და სხვა მრავალ მიზეზთა შორის მთავარი მიზეზი ამისა ის გახლავთ, რომ ამ ქართულ სახელმწიფოში ისინი თავიანთ სამშობლოს ვერ ხედავენ, სამშობლოს ვერ გრძნობენ.

 

ასეთ დროს კი შენი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში გადასვლა დაახლოებით იგივეა, რაც სუპერმარკეტიდან  მეორე სუპერმარკეტში გადარბენა.

 

ვინც აქ დარჩა, ვინც გაქცევა არ ისურვა, მათი დიდი ნაწილიც ისე ცხოვრობს თითქოს ემიგრაციაში იყოს, ოღონდ შიდა ემიგრაციაში. ასე ხდება მაშინ, როცა სამშობლოში კი ხარ, მაგრამ სამშობლოში სამშობლოს ვერ ხედავ.

 

სამშობლო არ არის მხოლოდ მიწა-წყალი, მთა და ბარი, მდინარე და ტყე, ველი და კორდი, მშობლიური სოფელი, საყვარელი ქუჩა და უბანი.

 

სამშობლო არის ის კულტურა, ის სულიერი ფასეულობები და ღირებულებები, რაც შენმა წინაპრებმა შექმნეს, როცა შენ არ იყავი, არ იყავი, მაგრამ აუცილებლად იგულისხმებოდა, რადგან რაც კეთდებოდა ყველაფერი კეთდებოდა შენთვის ანუ მომავლისთვის.

 

როცა სამშობლო გაქვს და როცა სამშობლოს პატრონობ, არავინ არ არის მკვდარი, თუნდაც ისინი, ვინც ათასი თუ ორიათასი წლის წინათ გარდაიცვალნენ.

 

ისინი კვდებიან მაშინ, როცა მათი შთამომავლობა სამშობლოსთვის ომს შეწყვეტს.

 

ამ ოპოზიციური პარტიების ყიყინს რომ ვუსმენ, ვრწმუნდები:

 

მათ არ უყვართ სამშობლო ან უყვართ იმდენზე, რამდენიც მათი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად კმარა.

 

მათ არ უყვართ ქართველი ხალხი, უფრო ზუსტად, უყვართ ქართველი ხალხის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მათი მხარდამჭერია.

 

სამშობლოსადმი საერთო სიყვარული, ერთ მუხტად შეკრული სიყვარული არ არსებობს – ის საარჩევნო ხმებად ნაწილდება და ქუცმაცდება.

 

ცხოველის „სამშობლო“ ბუნაგია.

 

როცა ადამიანი სამშობლოს ბუნაგთან აიგივებს, სადაც შეიძლება კომფორტულად და მაძღრად იცხოვრო, ასეთი ადამიანიც ცხოველია.

 

საქონელიაო, თქვა ერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ადრე ქართველობდა, მაგრამ ბოლო ხანებში ქართველობაზე უარი თქვა და მიშისტი გახდა.

 

კი ბატონო, საქონელი ერქვას...

 

 

ვახტანგ ხარჩილავა

 

ფრაგმენტები წერილიდან

„სგ“ №12 (517) 2019 წ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner