განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგანის „მე და საზოგადოება" სკოლებში შეტანის საკითხს განიხილავდნენ, უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განათლების მინისტრის მოადგილეს ლია გიგაურს შეკითხვებით მიმართა:
„განათლების სამინისტრო გვარწმუნებდა, რომ მან უზრუნველყო საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობა და რომ ეს არის შესწავლის შედეგად მიღებული პროდუქტი. მინდა ქალბატონ ლია გიგაურს დავუსვა რამდენიმე შეკითხვა.
თქვენი განცხადებით „მე და საზოგადოების" შექმნის პროცესში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ჯგუფები, მათ შორის საუბარია საგნობრივ პედაგოგებზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებზე, საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ყველა სკოლას გადაეგზავნა ახალი სასწავლო გეგმა, დამუშავდა და შემოსულია რეკომენდაციები ამ საკითხზე. ქალბატონო ლია, თქვენთვის ცნობილია თუ არა ის ფაქტი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რამოდენიმე დღის წინ, 55-ე საჯარო სკოლის პედაგოგებმა გამოხატეს პროტესტი, მათი დირექტორის, ქალბატონი მაია აბრამიძის წინააღმდეგ, რომელმაც დაჩქარებული წესით, გაყალბებული ოქმის გამოყენებით მოახდინა თქვენთვის ანგარიშის წარმოდგენა. რომ თითქოს, 55-ე საჯარო სკოლამ, 118 მასწავლებლის შემადგენლობით, რომელთა შორის 110-მა მასწავლებელმა თითქოს მოიწონა თქვენს მიერ წარმოდგენილი სტანდარტი! ეს ოქმი არის საჯარო და შემარცხვენელია მთლიანად განათლების სისტემისა!
არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ თქვენს მიერ მოყვანილი მაგალითი - საჯაროობა, ფარსი და ტყუილია?
პირდაპირ გეკითხებით, როგორც განათლების მინისტრის მოადგილეს, ჰომოსექსუალიზმის ნორმად მიღების სწავლება არის თუ არა თქვენთვის მისაღები?! თუ არ არის მისაღები, გეკითხებით - მაშინ რატომ მოხდა, რომ ზოგადი განათლების მართვის დეპარტამენტის მიერ, ერთ-ერთ მოქალაქეზე გაცემულ ოფიციალურ წერილში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პირდაპირ აპელირებს, რომ ევროპის საბჭოს ქარტია, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების სწავლის შესახებ ავალდებულებს სამინისტროს, მსგავსი ტიპის მიმღებლობის ამაღლების საკითხი შემოიტანოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. სწორედ ამის შედეგი ხომ არ არის, ვეკუას სახელობის მათემატიკურ სკოლაში გამოფენილი პლაკატი, რომელზეც გამოსახული იყო ტრანსგენდერი და ეს იყო მიმღებლობის ტესტი, იმ სკოლის მოწაფეებისთვის, რომელთა რიგში არიან მე-3, მე-4, მე-5 კლასის მოსწავლეები.
თქვენ უნდა გაგვცეთ პასუხი კითხვაზე - ჰომოსექსუალიზმის ნორმად მიღების სწავლება მისაღები არის თუ არა განათლების დღევანდელი სისტემისთვის?! ეს ქარტია არ არის სავალდებულო, არის სარეკომენდაციო და რატომ ხდის თქვენი სამინისტროს დეპარტამენტი სავალდებულოს?! რასთან გვაქვს საქმე?! არის თუ არა ეს უფლებამოსილების გადამეტება, არის თუ არა გარკვეული მანიპულაცია, თავს მოვახვიოთ ისეთი სტანდარტები საზოგადოებას, რომელიც რეალურად არის ყამირი, გაუგებარი და არის მცდელობა, საერთოდ დამალოთ და მიჩქმალოთ ის მეთოდური სახელმძღვანელოები, რომელზეც ატეხილია განგაში!
ითვალისწინებთ თუ არა იმ შესაძლო ზიანს, რომელიც შესაძლოა ჩვენმა მომავალმა თაობებმა განიცადონ?! იღებთ თუ არა ქალბატონო ლია, პასუხისმგებლობას თქვენს თავზე?!", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.