logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მიმართულებები, რომლებიც უზრუნველყოფს პოსტპანდემიურ პერიოდში ქართული ეკონომიკის მდგრად განვითარებას
- +

14 დეკემბერი. 2020. 17:56

 

 

„ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშის შესახებ „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წლიური ანგარიში, უპირველესად იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მთავრობის ერთიან ანგარიშში ასახავს ეკონომიკური ტრანსფორმაციის მიმართულებებს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მიმართულებები, რომლებიც უზრუნველყოფს პოსტპანდემიურ პერიოდში ქართული ეკონომიკის მდგრად განვითარებას, მისი ადაპტირების და უფრო მეტი თვითკმარობის მიმართულებით,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ, რომელიც თავის „ფეისბუქ-გვერდზე ეკონომიკის მინისტრის დღეს გაკეთებულ წლიურ ანგარიშს გამოეხმაურა.

 

ექსპერტის განცხადებით, მინისტრის ანგარიშში განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებები. მათ შორის, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსდა 78 ახალი პროექტი, დამტკიცებული სესხების მოცულობამ 96 მლნ ლარი, ხოლო ჯამურმა ინვესტიციამ 161 მლნ ლარი შეადგინა.

 

ამასთან, მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი 40 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც, ასევე, მნიშვნელოვანია როგორც სამუშაო ადგილების შენარჩუნების, ასევე, მომავალში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელადაც.

 

გიორგი ცუცქირიძემ ყურადღება გაამახვილა მინისტრის პრეზენტაციის იმ ნაწილზე, რომლის თანახმადაც საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტებისთვის საშეღავათო დაბეგვრის რეჟიმის ამოქმედების შედეგად, საქართველოში უკვე დაიწყო ოპერირება ორმა გლობალურმა IT კომპანიამ - EPAM-მა და Exadel-მა, ხოლო საზღვაო თევზჭერის განვითარების პროექტით, მიმდინარეობს 3 ახალი გემის მშენებლობა და 4-ის განახლება.

 

გარდა ამისა, მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი. მათ შორის უნდა გამოიყოს გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის ფარგლებში გაზიფიცირდა 171 დასახლება და 32,293 ოჯახი; ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოება.

 

„ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი მდგარდი განვითარებისათვის, ასევე, ძალზე დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ღია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, რაც უზრუნველყოფს როგორც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას, ასევე ენერგოეფექტურობის ხელშეწყობით საწარმოო სიმძლავრეების ზრდას და ინვესტიციების შემოდინებას ეკონომიკაში“, - განაცხადა ექსპერტმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner