„არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდებები ოპოზიციამ პარალელური დათვლის შედეგებს დააფუძნა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„აქედან გამომდინარე, თავიდანვე დავინტერესდით PVT-ის შინაარსით, ჩავუღრმავდით ამ საკითხს და მარტივი გაანგაშირებით მივედით იმ ვარაუდამდე, რომ იყო უხეში შეცდომა და ამ უხეში შეცდომის შინაარსიც პრინციპში ამოვხსენით - ეს იყო ბათილი ბიულეტენების მითვლა ამ დათვლაში.
ცესკო საარჩევნო კოდექსის შესაბამისად არ ითვლის პროცენტებში ბათილ ბიულეტენებს, ეს არის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული, რაც შეეხება PVT-ის, ესეც ბუნებრივია, ამ პრინციპით უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ISFED-ის ხელმძღვანელი საპირისპიროს გვიმტკიცებდა.
მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ კანონისგან განსხვავებით, ISFED-მა ბათილი ბიულეტენები ჩათვალა თავის ჩათვლაში, რაც იყო ძალიან უხეში შეცდომა, დავარქვათ შეცდომა, ვიდრე არ გავარკვევთ, რა იყო ამის მიზეზი და მოტივი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ეს იმდენად უხეში შეცდომაა, რომ დანაშაულზე უფრო მძიმეა.