ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ გამოაცხადა.
დაცვის მხარემ სასამართლოს 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა, მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ადვოკატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
შეგახსენებთ, ბიძინა ესებუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბიძინა ესებუას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბადრი და ბიძინა ესებუების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2021 წლის 20 იანვარს ჩაინიშნა.
ბიძინა ესებუა საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ძმაა. ის მიმდინარე წლის 12 დეკემბერს დააკავეს.