„ევროპული საქართველოს" წევრები ან ინგლისურში მოიკოჭლებენ, ან შეგნებულად მიმართავენ დეზინფორმაციას, ან ორივე ერთად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიგა ბოკერიასა და გიორგი კანდელაკის მიერ ზელიმხან ხანგოშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
ხელაშვილი „ტვიტერში“ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს და აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილი სწორედ დაუსაბუთებლად იყო შერაცხილი ტერორისტად რუსეთის სპეცსამსახურების მიერ.
როგორც „ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, მისი დადანაშაულება ხანგოშვილის „ტერორისტად" მოხსენიებაში უსინდისო პოლიტიკური სპეკულაციაა.
„ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა ბოკერიამ და კანდელაკმა გამართეს ბრიფინგი, რომელზეც დამადანაშაულეს გასულ წელს ბერლინში ტრაგიკულ ვითარებაში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის „ტერორისტად“ მოხსენიებაში და თვალსაჩინოებად მოიტანეს „ტვიტერზე“ 10 დეკემბერს ინგლისურ ენაზე გაკეთებული ჩემეული კომენტარი. ჩემს მიერ გამოქვეყნებულ „ტვიტში“ ბატონი ხანგოშვილი მოხსენიებულია როგორც „დადანაშაულებული“ ტერორისტი. „ტვიტის“ ინგლისურ ორიგინალში წერია „alleged terrorist“ ანუ „accused but not proven or convicted“ (მტკიცებულების ან მისჯის გარეშე დადანაშაულებული), რაც სწორად ასახავს ვითარებას. ბატონი ხანგოშვილი სწორედ დაუსაბუთებლად იყო შერაცხილი ტერორისტად რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. გასათვალისწინებელია, რომ „ტვიტერის“ შეზღუდული ფორმატი არ იძლეოდა ვითარების უფრო დეტალური აღწერის საშუალებას.
შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩემი დადანაშაულება ბატონი ხანგოშვილის „ტერორისტად“ მოხსენიებაში არის უსინდისო პოლიტიკური სპეკულაცია, რომელიც ჩემი და „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. „ევროპული საქართველოს“ წევრები ან ინგლისურში მოიკოჭლებენ, ან შეგნებულად მიმართავენ დეზინფორმაციას, ან ორივე ერთად.
ბოლო დღეებში ოპოზიციის მხრიდან მკვეთრად ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერების ფონზე, „ევროპული საქართველოს“ იაფფასიანი გამოხდომა არის მცდელობა, გადაფარონ საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც ოკუპანტი რუსეთის ინტერესებს უკვე აშკარად და დაუფარავად ემსახურება.
მოვუწოდებ წაგებულ ოპონენტებს, რომ დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგს და შეწყვიტონ პოლარიზებული და დაუსაბუთებელი რიტორიკა, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს“, - აცხადებს ხელაშვილი.