logo_geo
eng_logo
მერაბ სეფაშვილი: ვერ ვარ კარგი მეოჯახე
- +

15 დეკემბერი. 2020. 00:01

 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მომღერლობაზე არასდროს უოცნებია, 14 წლიდან ამ პროფესიაზე ფიქრი თავისდაუნებურად დაიწყო და მას შემდეგ აღარ გაჩერებულა, მთავარი ჯილდო – ადამიანების უდიდესი სიყვარული და პატივისცემა, წლებია, თან სდევს და თავადაც არასდროს უცრუებს იმედს მსმენელს.

 

მერაბ სეფაშვილი: ვირუსის თავიდან ასარიდებლად, ვცდილობ ხალხმრავლობას მოვერიდო და საერთოდ, როგორმე გამოვძვრეთ ამ სიდუხჭირიდან. პანდემიამდეც არ გვქონდა ეკონომიკურად კარგი მდგომარეობა და ახლა – მითუმეტეს, ყველაფერი გართულდა. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა გაძლოს ხალხმა.  აკრძალვები, პირველ რიგში, ჩემი პროფესიის წარმომადგენლებს გვეხება, მაგრამ შეზღუდვების მოხსნა, ყველაზე ბოლოს ჩვენზე აისახება. გამოსავალს მხოლოდ საკუთარ თავში ვეძებ. იმიტომ, რომ მშვიდად ყოფნისთვის ქვეყანაში ვერანაირ პირობას ვერ ვხედავ. მუშაობა შეუძლებელია და არ ვიცი როგორ, მაგრამ, როგორღაც უნდა მოვიპოვოთ ლუკმა-პური, ახლა ერთადერთი გზაა, ბანკში თუ წახვალ და მოიპარავ. (იცინის)

 

 

– ოჯახშიც რთული პერიოდი გქონდათ, მეუღლეს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ახლა როგორაა?

 

– დიახ, საკმაოდ მძიმე ინსულტი გადაიტანა. ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მოხდა და ახლაც ვაგრძელებთ მკურნალობას. ამ მდგომარეობას ესეც დაემატა, ჯერჯერობით ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს.

 

– კარგი ამბავიც გაქვთ, პანდემიის პირველი პერიოდი შემოქმედებითად ძალიან ნაყოფიერად გამოიყენეთ.

 

– კი, ბევრი სიმღერა ჩავწერე და ალბომი გამოვუშვი, ჩემი აზრით, კარგი გამოვიდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დაგეგმილი იყო, პრეზენტაცია ვერ გავაკეთე. ეს ყველაფერი რომ გაივლის და დარწმუნებული ვარ, ასე მოხდება, აუცილებლად გავმართავ პრეზენტაციას.

 

– პირველი აღიარება, ალბათ, ყველასთვის სანუკვარი მოგონებაა. გახსოვთ პირველი ემოციები?

 

– ძალიან მაგარი განცდაა, დიდი ბედნიერებაა, როცა შენი ნიჭი ფასდება, მაგრამ დრო რომ გადის და წარსულს გადახედავ, ხვდები, რომ მთავარია, თავად რამდენად კმაყოფილი ხარ საკუთარი გაკეთებულით. გამოცდილება გკარნახობს, რომ რაღაცებს უკეთ გააკეთებდი, მაგრამ რეალობა რეალობაა და როცა ხალხს იმის გამო უყვარხარ, რაც გაგიკეთებია, ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა. აპლოდისმენტი ყველაზე დიდი ჯილდოა.

 

– მეუღლესთან ოჯახური ურთიერთობის აწყობა არ გაგიჭირდათ, თუნდაც, თქვენი პოპულარობიდან გამომდინარე?

 

– აუცილებელი არაა, მაინცდამაინც პოპულარული იყო, ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც გინდა. არც ოჯახში, არც სამსახურში და საერთოდ, ცხოვრებაში ყველაფერი დალაგებული არაა. უნდა ეცადო, რომ ესეც გულის რიტმივით დააბალანსო და თუ გინდა, გამოგივა კიდეც. თუმცა, ეს მხოლოდ ცოლზე ან ქმარზე არაა დამოკიდებული, ორივემ ერთად უნდა მოინდომოს ბალანსის მიღწევა. ამის გარეშე, სამწუხაროდ, ბევრი ოჯახი ინგრევა. თავიდან ჩვენთვისაც რთული იყო, ჩვენი პროფესიის ადამიანებს ხშირად გვიწევს ოჯახისგან შორს ყოფნა, სხვა ქვეყანაში წასვლა, ეს არაა რუტინული სამუშაო დილიდან ათიდან საღამოს ექვსამდე. ამიტომ მეუღლისთვის და შვილებისთვის ორმაგად რთულია, მაგრამ გადავლახეთ ეს სირთულე, ჩემი აზრით, მთავარია, შენი მეორე ნახევარი შენს საქმეს პატივს სცემდეს. თუ ასეა, მაშინ გაიგებს, რომ ხშირი მოგზაურობა და სახლში არყოფნა ამ პროფესიის თანმდევია. შენ რომ ერთი და ორი თვე სახლში არ ხარ და ადამიანი გელოდება, ეს ნიშნავს, რომ ის შენს საქმეს პატივს სცემს.

 

– საწყის ეტაპზე მეუღლესთან ურთიერთობაში თქვენი წარმატება არ დაგეხმარათ?

 

– მაშინ ასეთი წარმატებული არ ვიყავი, ვერ გეტყვით, შეიძლება პოპულარული ადამიანი ყველას უხარია და მოსწონს, განსაკუთრებით, როცა ახალგაზრდებს ეხება საქმე. ესეც თავის როლს თამაშობს, არ უარვყოფ, მაგრამ ეს მაინც ბონუსია, რეალობა კი სხვაა, მთავარი ისაა, ვინ ხარ იმ პოპულარობის მიღმა.

 

– დროს თქვენს გარეგნობაზე დიდად არ უმოქმედია, არაჩვეულებრივ ფორმაში ხართ, რას აკეთებთ იმისთვის, რომ ასაკი არ შეიტყოთ?

 

– ამისთვის განსაკუთრებულად არაფერს. ვცდილობ თუ თმის გადანერგვას არ ვიგულისხმებთ, ვინც მიცნობს გაეცინება, იმიტომ, რომ მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, დალევა, არასპორტულად ვცხოვრობ, არ ვვარჯიშობ და ფორმის შესანარჩუნებლად განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, გენეტიკის ამბავია, დედაჩემი რომ ნახოთ, 80 წლის ქალს ყველა კბილი თავისი აქვს, ასე რომ, თავს არ ვიკლავ აკრძალვებით, ხანდახან ზედმეტსაც მივირთმევ და ვსვამ. ამისთვის მადლობა ბუნებას და მშობლებს, თმას რაც შეეხება, გაგანია პანდემიის დროს, რა დროს ეგაა, მაგრამ რადგან მკითხეთ გეტყვით, რომ ისრაელში ჩავიტარე ეს პროცედურა. როდესაც ასაკში შედიხარ, აღარც თმა გაქვს ძველებური და აღარც კბილები ,მაგრამ სცენა და ეკრანი თავისებურ ესთეტიკას მოითხოვს, ეს ჩემი აზრია, ასე რომ, ძალიან ბევრი არ მიფიქრია.

 

– როგორი მეოჯახე ხართ?

 

– ვერ ვარ კარგი მეოჯახე, მაგალითად, მე არასდროს მივლია სურსათის საყიდლად, ეს ფუნქცია ყოველთვის მეუღლეს ჰქონდა საკუთარ თავზე აღებული.

 

– საწყის ეტაპზე და ახლაც გასტროლებს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს, თქვენს ცხოვრებაში.

 

– 90-იანი წლების ბოლოს დავიწყე ქვეყნიდან გასვლა, მანამდეც, საბჭოთა კავშირის პერიოდში, უამრავი გეგმიური კონცერტი გვქონდა, მაგრამ შემდეგ დაიწყო ინდივიდუალური გასვლები ისრაელში, ამერიკაში, ევროპაში. დღემდე ასეა, თუმცა ახლა, ამ პანდემიის პირობებში, სად წახვალ, მაგრამ უნდა გავუძლოთ და ყველაფერი დალაგდება.

 

 – სერიოზულ შემოთავაზებაზე თუ გითქვამთ უთრი?

 

– ათწლიან კონტრაქტზე იყო საუბარი, ისრაელში უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად და ნამდვილად ვიცოდი, რომ ამდენი ხანი იქ ვერ გავძლებდი. იმ ქვეყანაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, უამრავი ადამიანი მიყვარს, მაგრამ ამ ნაბიჯს მაინც ვერ გადავდგამდი, ახლა შეიძლება დავთანხმებოდი, მაგრამ მაშინ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. თავის დროზე მოსკოვშიც მარტივად დავრჩებოდი, რუსეთი ჩვენი თაობისთვის ძალიან გაშინაურებული იყო, მაგრამ არ მიფიქრია, რომ იქ გამეკეთებინა კარიერა. თუ იქ ცხოვრობ, იქაური უნდა გახდე. გვარს არ გადაიკეთებ, მაგრამ იქაური ყოფა უნდა მიიღო. თავისუფალი ბუნების კაცი ვარ, ჩემს სამშობლოში, მეგობრებთან ლაღად როცა ვარ, მაგ დროს მომდის მუზაც, მარტო მატერიალურ კეთილდღეობისკენ ხომ არაა ადამიანი მომართული. თუ მიზნად მილიონის შოვნას დაისახავ, კი ბატონო, წახალ და იშოვი, მაგრამ ეს არ არის ჩემი მოწოდება. ჩემთვის ხალხის სიყვარულზე დიდი ჯილდო არაფერია.

 

 

ქეთი კაპანაძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner