logo_geo
eng_logo
ნინო ქვლივიძე: მამას თვალის გახელის თავიც კი არ ჰქონდა, მაგრამ ხელზე მაინც მეფერებოდა... ძალიან ბევრი ადამიანის ნუგეში იყო...
- +

15 დეკემბერი. 2020. 11:51

 

 

რამდენიმე დღის წინ, დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსმა იმსხვერპლა. დეკანოზის შვილი, ნინო ქვლივიძე, მამის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

 

„ყოველთვის ვიცოდი, რომ ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული მამა მყავდა. ერთი შეხედვით მკაცრი გამომეტყველების მიღმა, იმალებოდა ძალიან თბილი, მხიარული, ლაღი, კეთილი, უანგარო, ბავშვური, მზრუნველი, მოსიყვარული, გვერდში მდგომი, ერთგული, პრინციპული, მიმტევებელი, პატიოსანი, მშრომელი და საიმედო ადამიანი. არ არსებობდა საკითხი, რაზეც მამას ვერ დაველაპარაკებოდი. ის იყო ჩემი უფროსი ძმა. ჩვენ ვმეგობრობდით და მისთვის ბოლომდე ხან „ჩემი საყვარელი ნინაჩკა“ , ხან „დირექტორა“ ვიყავი. მამა მაძლევდა სრულ თავისუფლებას და არჩევანის გაკეთების საშუალებას. ნებისმიერი პრობლემის, თუნდაც დილემის დროს მეუბნებოდა „არა უშავს, ნუ გეშინია, ილოცე, ნინაჩკა და ყველაფერი დალაგდება“.  მართლა ყოველთვის ყველაფერი ლაგდებოდა.

 

წარმოდგენა არ მაქვს როგორ, მაგრამ ეს ადამიანი ყოველთვის ახერხებდა რომ ყოფილიყო ყველას ქომაგი, ყველას დამცველი და ნებისმიერი გაჭირვებულის შემწე. გიჭირდა თუ უჭირდათ, ის იქ იყო, არ ქონდა დროს და მანძილს მნიშვნელობა. არასოდეს რცხვენოდა დანაშაულის აღიარება და ბოდიშის მოხდა. სხვის ნებისმიერ, თუნდაც ამაზრზენ საქციელშიც კი პოულობდა გამართლებას. ყოველთვის ცდილობდა ეპოვნა მიზეზი და არასოდეს არ იშვერდა ხელს სხვისკენ. მამა იყო ჯანსაღი ადამიანი. ყოველთვის ყველგან ეჩქარებოდა და მაინც აგვიანებდა, მაგრამ ამავდროულად იყო ძალიან ორგანიზებული. ვერასოდეს ნახავდით გულის ჯიბეში ჩადებული წიგნაკის და კალმის გარეშე, რომელიც 9 ნოემბრის მერე ცარიელია. მისთვის ყოველთვის ყველაზე პრიორიტეტული იყო სწავლა და მაქსიმალურად იყო ჩართული ჩემი და ჩემი დების განათლებაში. თითქმის ყოველი გაკვეთილის მერე ურეკავდა მასწავლებლებს და ეკითხებოდა პროგრესის შესახებ. თითქმის შეუძლებელი შეძლო და მე სასწავლებლად ინგლისში გამიშვა, მარიამი - გერმანიაში. ანას და ლიზიკოს დაბინავება ვერ მოასწრო. ჩემს კესანეზეც კი, რომელიც ძალიან პატარაა და 4 წლის ხვალ ხდება, მეუბნებოდა, იქნებ ცოტა მაღალ კლასებში კომაროვში მივიყვანოთო.   აინტერესებდა ნებისმიერი თემა დაწყებული ფიზიკით, დამთავრებული ისტორიით.    ბევრს კითხულობდა, მუდმივად ცდილობდა განვითარებას. ჰქონდა მუსიკალური განათლება, ძალიან კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე, თუმცა, მისი დაკრული ალბათ ბოლო 20 წელია არავის მოუსმენია. კარგად იცოდა ჯაზი, როკი, ლიტერატურა, ხელოვნება, არქიტექტურა, ასტროლიგია... ყველაფერი იცოდა. წინა ცხოვრებაში ჭადრაკს თამაშობდა ბრწყინვალედ. მამა იყო მოაზროვნე და ინტელექტუალი. მაგრამ ყველა ადამიანს ესაუბრებოდა მის ენაზე. არასოდეს არავის არ აგრძნობინებდა, რომ ვინმეზე მეტი იცოდა. ელაპარაკებოდა და ანუგეშებდა ყველას დაწყებული პატიმრებით, დამთავრებული დილას ქუჩაში მდგარი მეეზოვეთი. მამა იყო ბევრის ნუგეში.

 

საუკეთესო შემთხვევაში ეძინა 4-5 საათი, დანარჩენი დრო ეთმობოდა ყველას და ყველაფერს, საკუთარი თავის გარდა. ლოცულობდა ბევრს, გამუდმებით და თითქმის უწყვეტად. იყო მთელი არსებით და შეგნებით მორწმუნე და ყველაფერში ღმერთის იმედი ჰქონდა. მისთვის დასვენება წელიწადში 2-3 ჯერ ათონის მთაზე წასვლა და იქ კიდევ უფრო მეტ ლოცვას ნიშნავდა. წასვლიდან მეორე დღეს სათითაოდ რეკავდა ჩვენთან და გეგმებს აწყობდა, რომ ჩამოვიდოდა, რა უნდა გვექნა. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ატარებდა ყველაზე ნაკლებ დროს, მაინც არ შეეძლო ჩვენს გარეშე.

 

რაც ვერ ისწავლა, ეს იყო მანქანის ტარება და ტექნოლოგიები. მთელი ცხოვრება ატარებდა მანქანას, მაგრამ ყველაზე საშინელი მძღოლი იყო. ტელეფონთან ურთიერთობა კი, ამ ბოლო დროს სულ ოდნავ გააუმჯობესა. 

 

ჩვენ და ჩვენთან ერთად კიდევ ძალიან ბევრმა ადამიანმა გავიარეთ თითქმის 1-თვიანი უმძიმესი პერიოდი. მე ვიყავი რეანიმაციიდან ამბის გამომტანი და ყოველ დილით ჩემი ხმის ტემბრზე იყო დამოკიდებული ჩემი ოჯახის და კიდევ უამრავი ადამიანის განწყობა. თუ კარგი ხმით ვუპასუხებდი ტელეფონს, ესე იგი მდგომარეობა სტაბილურია და უფრო მეტად არ დამძიმებულა. თუ ცუდ ამბავს გამოვიტანდი, იმ დღეს ყველანი ვირეოდით. ამ დროის განმავლობაში, 2-ჯერ მოვახერხე ნახვა. ერთხელ თვალის გახელის თავიც კი არ ჰქონდა, მაგრამ ხელზე მეფერებოდა. ზოგადად ყველას ეფერებოდა. უყვარდა სახელების შერქმევა, სრულ სახელს თითქმის არავის ეძახდა, რაღაცას მიამატებდა, რაღაცას გამოაკლებდა, ან სულ შეუცვლიდა.

 

ბოლოს 28 ნოემბერს, დაინტუბირებამდე 20 წუთით ადრე ვნახე. უმძიმეს მდგომარეობაში რომ იყო, თითქმის სიცოცხლესთან შეუთავსებადი ანალიზებით, მეტის ღირსი ვარ და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვისო, ესე ამბობდა. ბოლო დღეს დამირეკა „მე მგონი, ჩემი საქმე ვერ არის კარგადო“. იგრძნო. მეც თითქოს სულ საწყისს ეტაპზე, 37.8 სიცხის გარდა სხვა სიმპტომი რომ არ ჰქონდა, მაშინაც კი ვიცოდი, რომ საქმე კარგად ვერ იყო, მაგრამ ყოველ დღე ვეუბნებოდი, რომ დღეს ბევრად უკეთესი ანალიზები მოვიდა, ვიდრე გუშინ, რომ რამდენიმე დღეა საჭირო, რომ გადავლახოთ ეს მეორე ფაზა, გუშინ ის კაცი გამოწერეს, ხვალ იმ ქალს წერენ, აპარატზე რომ იყო 2 თვის განმავლობაში შეერთებული და ა.შ. მაგრამ მამამ მაინც იცოდა. იმდენად გონიერი ადამიანი იყო, რომ სხვანაირად წარმოუდგენელია. ზუსტად ამიტომ, იდეალურად მოემზადა გარდაცვალებისთვის.

 

ყოველ დილით სახლიდან გასვლამდე,  ანას, ლიზიკოს და დედაჩემს ფეხებზე კოცნიდა. დედას და მამას ურთიერთობა ცალკე რომანია. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ეს ორი ადამიანი ერთად, ყველა დამეთანხმება. იქცეოდნენ ისე,  როგორც ახალი შეყვარებული წყვილი, ვერავინ იფიქრებდა, რომ მე-5 კლასიდან ჰქონდათ ურთიერთობა, თითქმის 35 წელი ერთად ცხოვრობდნენ და მაინც ესე უყვარდათ ერთმანეთი. არასოდეს არ ჩაუვლია არც ერთ მნიშვნელოვან თარიღს, მამა უზარმაზარი თაიგულით და საჩუქრით ხელში რომ არ მოსულიყო სახლში, გააღებდი კარს და პატარა ბავშვივით, ყურებამდე გაღიმებული თაიგულის უკან იმალებოდა. ეს კაცი ოჯახში ყოველ დღე ფოიერვერკს აწყობდა და ბედნიერებას ასხივებდა. სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად დედაჩემი მეცოდება, არასოდეს უცხოვრია იმ რეალობაში, სადაც მამაჩემი არ არსებობს. ახლა მოუწევს.

 

რთულია, ამ მდგომარეობაში რამემ განუგეშოს, მაგრამ ჩემთვის სამძიმარზე მოსული ადამიანები იყვნენ დიდი ნუგეში. ვხედავდი, უამრავი ადამიანი როგორ გულწრფელად, ცრემლებით ტიროდა და კიდევ უფრო მეტად ვგრძნობდი, რომ უნიკალური ადამიანი დავკარგეთ. დაკრძალვა საერთოდ სხვა მოვლენა იყო. კიდევ კარგი, რომ ბებიაჩემი ნანა თორაძე ორი წლით ადრე გარდაიცვალა და ამ ამბავს ვერ მოესწრო, მაგრამ ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად იტყოდა „ზღვა, აუარება ხალხი, როგორ ტიროდნენ, რა დიდებულ სიტყვებს ამბობდნენ, როგორ ყვარებიათ ჩემი დათო“. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ამ ქარიზმატული ადამიანის გარეშე როგორ გაგრძელდება ცხოვრება. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ მამაჩემის სახელი იმსახურებს უკვდავყოფას.

 

ბევრ ადამიანს აქვს მამაზე მოგონება და მინდა ყველას გთხოვოთ, ვისაც შეგიძლიათ მამასთან ურთიერთობის ამსახველი რაიმე ამბის გახსენება, კონკრეტულად არ ვიცი რისი, რასაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ, გთხოვთ, მოგვაწოდეთ ჩანაწერები და ფოტოები ნებისმიერი თქვენთვის მოსახერხებელი ფორმით: მესინჯერის პირად შეტყობინებაში ან მე, ან ჩემს დებს მარიამ, ანა, ლიზა ან აკაკი კაჭახიძეს, მეილზე qvlividze_nino@yahoo.com, ან ხელნაწერი ფორმით. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვფიქრობ, ეს ადამიანი იმსახურებს მინიმუმ 2 წიგნის გამოცემას.

 

 

ეს ფაქტიურად მამას ბოლო ფოტოა 13 ნოემბერს გადაღებული, მაგ საღამოს გადაიყვანეს რეანიმაციაში. ზუსტად არ ვიცოდი, რომელ პალატაში იწვა. ამიხსნა, მივაგენი, ვთხოვე, თუ შეგიძლია, გადმოიხედე-თქო, უჭირდა და ძლივს მოვიდა ფანჯარასთან. გაიღიმე, ფოტო უნდა გადაგიღო-თქო და ისე გაიცინა, როგორც ყოველთვის იცოდა. გაკაშკაშდა.

 

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენი გლოვის თანაზიარია. ღმერთმა თქვენც გიშველოთ და ჩვენც“, - წერს ნინო ქვლივიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner