პირველი ინიციატივა, რომელიც უმრავლესობის გადაწყვეტილებით საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება, იქნება საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მან ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც „პროდასავლურად მიიჩნევენ თავს“, მოუწოდა, რომ პარლამენტში ამ რეზოლუციის განხილვას შეუერთდნენ.
როგორც სამხარაძე აღნიშნავს, ეს მნიშვნელოვანია იმ „მზარდი ანტიამერიკული და ანტიევროპული ისტერიის ფონზე, რომელსაც ოპოზიციის ცალკეული ოდიოზური ლიდერები მიმართავენ“.
„ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია. ამ მიზნით მეათე მოწვევის პარლამენტი დინამიურად ჩაერთვება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში და გამოიყენებს ყველა საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმას ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გამყარებაში და დეოკუპაციაში. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში ხელშესახები შედეგები მივიღოთ. ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება წარმოდგენს საქართველოს კონსტიტუციურ ამოცანას და ქართველი ხალხის არჩევანს. აქედან გამომდინარე, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება განახლებული ენერგიით შეუდგება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და ინსტიტუციურ დაახლოებას. ქვეყანა განაგრძობს სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ, რაც პირდაპირ ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციას და „ქართული ოცნების“ საპროგრამო განაცხადს, რაც გულისხმობს სტრატეგიულ მზაობას 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანას. მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ ნიშნულზე გადავა და ტრანსატლანტიკური ერთობა ახალ მუხტს მისცემს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ გაწევრიანების წინ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოსა და NATO-ს შორის უკვე არსებობს.
აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რაც ბოლო წლებში ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია. მე-10 მოწვევის პარლამენტის პრიორიტეტად დაისახავს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და აშშ-ის უფრო აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის და საქართველოს გეოსტრატეგიულ არეალში. საპარლამენტო დიპლომატია საკვანძო როლს შეასრულებს საგარეო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების მიღწევაში და ამისთვის გამოვიყენებთ ყველა არსებულ მექანიზმს. მზარდი ანტიამერიკული და ანტიევროპული ისტერიის ფონზე, რომელსაც ოპოზიციის ცალკეული ოდიოზური ლიდერები მიმართავენ, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ თავს პროდასავლურად მიიჩნევენ, დაგმონ ეს კამპანია და შემოუერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის საპარლამენტო ტრიბუნაზე განხილვას,“- განაცხადა სამხარაძემ.