პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი განმარტავს, რატომ არ გახდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და რატომ გაკეთდა არჩევანი განათლების მიმართულებაზე.
როგორც ჟურნალისტებს წულუკიანმა განუცხადა, მის მიმართ პარტიის მხრიდან შეთავაზება იყო, რომ იუსტიციის მინისტრობა გაეგრძელებინა, მაგრამ იმსჯელეს და მისი პოზიცია გაზიარებული იყო, რომ ახალი სახეების დროა.
მისი თქმით, მორალურად სწორი არ ჰგონია, რომ ადამიანმა, რომელმაც იუსტიციის სამინისტრო რვა წლის განმავლობაში მართა, ახლა დარგობრივ კომიტეტში დაჯდეს და აკონტროლოს ის ადამიანი, რომელმაც მისი საქმე გადაიბარა.
„რვა წელი საკმარისი პერიოდია. ბევრი სირთულისა დაა გამოწვევების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ ჩემი, ჩემი გუნდისა და თითოეული მოხელის დიდი შრომის შედეგად, ბევრ წარმატებას მიაღწია. ჩვენს ხელში გაიარა როგორც ვიზა-ლიბერალიზიის სამოქმედო გეგმის არაერთმა რეფორმამ, ასევე ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის საჭირო არაერთმა რეფორმამ და სხვა რეფორმებმა. მიხარია, რომ ჩემი პოზიცია პოლიტიკურმა გუნდმა გაიზიარა და იმედია, მალე ვიხილავთ ახალ შემადგენლობას.
რაც შეეხება განათლების კომიტეტს, ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანებს, ვისაც არ ვუყვარვარ და ეს აბსოლუტურად ნებადართულია, ხდება ამ სფეროებზე თავდასხმა. ვისაც არ ვუყვარვარ, მე დამესხან და არა კომიტეტს, რომელიც მართავს განათლებას, კულტურას და ნუ აერევათ ეს ორი რამე ერთმანეთში, რადგან ეს ის სფეროებია, რომელიც თუ ქვეყანაში გამართული არ არის, მაშინ არაფერს აღარ აქვს აზრი, სხვა სფეროებს ნუ ეწყინება. რატომ ეს კომიტეტი და არა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი? მარტივი მიზეზის გამო. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები არიან იუსტიციის სამინისტროსთვის დარგობრივი კომიტეტები. მორალურად სწორი არ მგონია, რომ ადამიანმა, რომელმაც იუსტიციის სამინისტრო რვა წლის განმავლობაში მართე, ახლა უნდა დაჯდე დარგობრივ კომიტეტში და უჭვრიტინო და აკონტროლო ის ადამიანი, რომელმაც შენი საქმე გადაიბარა. ეს აბსოლუტურად არასწორია. იუსტიციის მინისტრს სჭირდება თავისუფლება და თავისი ხედვის განხორციელება. გამორიცხულია, მას დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარედ ვინმე წულუკიანი ეჯდეს, რომლის სუნთქვასაც გრძნობს კეფაში. ეს არის უწესობა. ამიტომ, გამორიცხული იყო, ამას დავთანხმებოდი, რომც შემოეთავაზებინათ. გუნდმა ეს არ გააკეთა, რადგან ამის გაკეთება არ შეიძლება. ამიტომ, პასუხები, რომელიც თქვენ საჩოთირო გგონიათ, სინამდვილეში, ძალიან მარტივია“, – განაცხადა წულუკიანმა.