საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხუთი პარტიისთვის სიების გაუქმება უკვე არჩეულ დეპუტატებს არ ეხებათ. საარჩევნო სიებში რჩებიან დეპუტატებად არჩეული ის წევრები, რომელთა უფლებამოსილება მეათე მოწვევის პარლამენტმა 11 დეკემბერს ცნო.
სიის დანარჩენი წევრებისთვის რეგისტრაციის გაუქმება კი ნიშნავს იმას, რომ თუ დეპუტატებად არჩეული პირები მანდატებზე უარს იტყვიან, მათ ადგილმონაცვლედ პარლამენტში სიით მომდევნო წევრები ვეღარ შევლენ. ჯერჯერობით დეპუტატის მანდატზე უარი ოფიციალურად მხოლოდ შალვა ნათელაშვილმა თქვა. მან შესაბამისი განცხადება პარლამენტის სახელზე უკვე დაწერა.
საქართველოს კონსტიტუციური კანონის 39-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია.
საქართველოს ორგანული კანონის 120-ე მუხლის თანახმად კი, არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკო-ს. მისი კანდიდატურა მოიხსნება ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხუთი საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიები გააუქმა. განკარგულებები ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდათ და პარტიული სიიდან მოიხსნენ შემდეგი პოლიტიკური სუბიექტების კანდიდატები: საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ (№2-დან №169-ის ჩათვლით); „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (№6-დან №150-ის ჩათვლით); საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ (№5-დან №151-ის ჩათვლით); შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია (№2-დან №169-ის ჩათვლით); „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ (№5-დან №139-ის ჩათვლით).
განკარგულებებში მითითებულია, რომ აღნიშნული სუბიექტების სიები მათი ლიდერების განცხადებების საფუძველზე გაუქმდა.
ოპოზიციიდან პარლამენტის მანდატები მოიპოვა კიდევ სამმა საარჩევნო სუბიექტმა: „გირჩმა“, „პატრიოტთა ალიანსმა“ და „მოქალაქეებმა“.