logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლაზე: ეს ნიშნავს მათი დაშლის ერთ-ერთ წინაპირობას
- +

15 დეკემბერი. 2020. 15:14

 

 

„ბუნებრივია, გრიგოლ ვაშაძის წასვლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იქნება დამაზიანებელი. როცა თავმჯდომარე კონკრეტული, გაცხადებული თუ დამალული მიზეზების გამო მიდის პარტიიდან, ეს ნიშნავს მათი დაშლის ერთ-ერთ წინაპირობას“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძის წასვლას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

 

მისივე თქმით, ეს პარტია კიდევ იშლება.

 

„იცით, რომ ამ პარტიის რამდენიმე ნამსხვრევი პოლიტიკურ სივრცეში დღესაც და მცირეს, მაგრამ გარკვეულ წარმატებასაც აღწევს საარჩევნო კონტექსტში. ამრიგად, კიდევ იშლება ეს ორგანიზაცია. მე ვნახე ვაშაძის განცხადება. ჩემი აზრით, არის რაღაც რაც მან თქვა და რაც მან არ თქვა. მაგალითად, ის რაც თქვა, ეს არის საგარეო კურსთან მიმართებით აბსოლუტურად არაორდინარული დამოკიდებულება მისი გუნდისა. ისინი ყოველთვის დეკლარირებდნენ როგორც პროდასავლური და პროდასავლელი პოლიტიკოსები და სინამდვილეში, მათი საქმე იყო ცოტა სხვანაირი, რბილად რომ ვთქვათ. ის, რაც არ თქვა, ეს არის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. ოპოზიციური სპექტრიდან ყველა ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს იყო ისეთი ნარატივი, რომლის უარყოფა მათ ერთმანეთს დააჯერეს, რომ სამშობლოს ღალატი იქნებოდა, ამ ფონზე აღმოჩნდა, რომ PVT-ის მონაცემებია გაყალბებული, ესეც მაგალითად იმ რგოლშია, რომელიც მან არ თქვა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში, სადაც არჩევნების გაყალბებას აბრალებენ ხელისუფლებას, ცესკოს და ა.შ პარალელური დათვლის მონაცემები ყალბდება. ეს არის უმძიმესი სკანდალური რეალობა, რომელის წინაშეც კონკრეტულმა პერსონებმა დაგვაყენეს. მე არ მინდა, რომ ამით დარტყმა მიადგეს ISFED-ს, რომელიც არის ავტორიტეტული ორგანიზაცია და უნდა უზრუნველვყოთ, რომ რეპუტაციული ზიანი ამ ორგანიზაციის იმიჯს ამით არ მიადგეს, არამედ გაირკვეს ის ჯგუფი, პერსონები, ვინც პარალელური დათვლის მონაცემების გაყალბება გაბედა“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის" გვერდზე დაწერა.

 

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ „გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner