logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: მე არც ჰომოფობი ვარ და არც არმენოფობი!
- +

4 ივლისი. 2016. 05:31


საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის ფონდის" დამფუძვნებელს  გიორგი ტუმასიანს პასუხობს:


 

„გიორგი ტუმასიანს - მე არც ჰომოფობი ვარ და არც არმენოფობი...

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის ფონდის" დამფუძვნებელმა გიორგი ტუმასიანმა არმენოფობიაში დამდო ბრალი სრულიად უსაფუძვლოდ. მას და მისნაირ, ოპონირების მანიით შეპყრობილ სუბიექტებს, მინდა ვუთხრა და თანაც ყველას გასაგონად, რომ არც ჰომოფობი ვარ და არც არმენოფობი, და თუ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას და მის უარყოფით გავლენას, განსაკუთრებით მოზარდ თაობაზე, როგორც პიროვნება და პოლიტიკოსი ვეწინააღმდეგები, არ ნიშნავს რომ ამ ორიენტაციის ადამიანების მიმართ რაიმე ცუდი განზრახვა მაქვს, ან მათი უფლებების შელახვას ვცდილობ.

 

თუ მე ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი სააკოვად მოვიხსენიე, ამის გამოცხადება არმენოფობიად დიდი ფანტაზიის და გაუაზრებელი აბსტრაგირების ადამიანებს შეუძლიათ.

 

არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ცივილიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ერის, სომხების და საქართველოს მოქალაქე სომეხთა მიმართ. მე ისტორიკოსი ვარ და კარგად ვიცი მათი წვლილი და როლიც საქ-ოს ისტორიაში. ამიტომ კოსმონავტობას ნურავინ დამაბრალებს... როცა სააკაშვილი სააკოვად მოვიხსენიე, ამით მივანიშნე რომ მისი წინაპრები ერთ დროს ამ გვარს ატარებდნენ და მეტი არაფერი. აქედან სულაც არ გამომდინარეობს რომ მას ეთნიკურად სომეხად მივიჩნევ, მით უმეტეს თავადაც არ აღიარებს თავს ეთნიკურ სომეხად. ჩემთვის კი სომეხია ის ვინც თავს ეთნიკურ სომეხად მიიჩნევს. მე ეს ბატონ ტუმასიანისაგან განსხვავებით კარგად მესმის. ამიტომ იარლიყების მოწებებას ნურც ის შეეცდება და ნურც სხვა. ამდენად კატეგორიულად ვემიჯნები არმენოფობად ჩემს შერაცხვას და ვფიქრობ რომ ტუმასიანმა დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ მომაყენა შეურაცყოფა.

 

თითქოსდა პასუხიც არ იყო საჭირო ამაზე გასაცემი, მაგრამ ჩემი პოლიტიკური ოპონენტები, ძირითადად ნაციონალები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ცალკეული პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ ამას ჩემს წინააღმდეგ. ამ შემთხვევაშიც და მაშინაც როცა მომაწერენ რომ მე თითქოს ქუთაისთან პორტის აშენების იდეა წამოვაყენე, ისინი ისახავენ მიზნად ჩემს მარგინალიზაციას, რასაც ისინი ვერასოდეს ეღირსებიან. როცა მე პორტი ვახსენე თავის დროზე ტელეეთერით და მერეც როცა მიწევდა მასზე განმარტებები, ამის რამოდენიმე საბაბი გამაჩნდა. უპირველესად მასში მე ვგულისხმობდი და ვგულისხმობ არგონავტების მითს, არგონავტების თავგადასავალს, რომლის შესახებ ევროპული კულტურის კლასიკოსი პიერ კორნელი ამბობდა რომ ამაზე ცნობილი რამ ანტიკურ სამყაროს არაფერი დაუტოვებია მსოფლიოსათვისო. არგონავტებიდან მოყოლებული ანტიკური წყაროების მიხედვით მაშინდელი გემები თავისუფლად შემოდიოდნენ რიონში გეგუთ-ვარციხემდე ( ძველ ქუთაისამდე - . ბერძენიშვილი) და უფრო ზემოთაც... მეც, ძირითადად, ვგულისხმობდი ტურისტული ინდუსტრიის განვითარების კონტექსტში მსუბუქი ნავებით, კატარღებით და . . ტურისტული ტურების ორგანიზებას და სწორედ იგი მქონდა და მაქვს მხედველობაში, და ის სპეციალისტების თვალსაზრისით ძალზედ საინტერესო პროექტია...

 

ამასთან ერთად ისიც მინდა შეგახსენოთ რომ ქუთაისთან ახლოს პორტის მშენებლობისა და მდინარე რიონის სანაოსნოდ გამოყენების ეფექტიანობის შესახებ სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა დიდმა ნიკო ნიკოლაძემ (Економическое значениа пороходства по р. Риони, 1926.), შეგიძლიათ იხილოთ ასევე . ბიბილეიშვილის სტატია ,,ნიკო ნიკოლაძე რიონზე ნაოსნობის შესახებ'' და სხვ. მდინარე რიონზე საზღვაო გემები 1936 წლამდე რეგულარულად დადიოდნენ სამტრედიამდე... თქვენ ალბათ იმის შეხსენებაც დაგჭირდებათ, რომ ცნობილი ქართველი მწერალი გიორგი ერისთავი საზღვაო გემზე რომ დაჯდა ქუთაისთან ახლოს, ამ გემით ჩავიდა საფრანგეთში, მარსელში...

 

და ბოლოს კიდევ ერთ მომენტს შეგახსენებთ და ამით დავამთავრებ - ჩვენი საუკუნის, ოცდამეერთე საუკუნის პირველ ათწლეულში ქუთაისთან ახლოს მძლავრი პორტის მშენებლობის საკითხი განიხილებოდა. ქართველ მეცნიერთა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ იუნესკოს ლაბორატორიის ხელ-ლი, ოკეანოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი ირაკლი ხომერიკი, პროფესორი დავით კერესელიძე, ცნობილი არქიტექტორები გიორგი ანდრონიკაშვილი, გურამ მირიანაშვილი, ვახტანგ სუხიშვილი, მერაბ ჩხენკელი, თენგიზ ჯანჯღავა, აკადემიკოსი ვახტანგ მდივანი და სხვ. შექმნეს არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ქუთაისთან ახლოს შექმნილიყო სატრანსპორტო ადმინისტრაციული ცენტრი, საავტომობილო და სარკინიგზო ტერმინალებით, სატრანზიტო საწყობებითა და .. ამავე პროექტით მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით მდინარე რიონი უნდა დაღრმავებულიყო შავი ზღვიდან ვარციხემდე, ანუ იგი სანავიგაციო არხად იქცეოდა, რომელსაც სიმბოლურად ,,ოქროს საწმისი'' ეწოდებოდა, რომელშიც ყველა ტიპისა და წყალწყვის გემების მოძრაობა იქნებოდა შესაძლებელი. ეს იყო ტრასეკას, ტრასკონტინენტური ფართომაშტაბიანი რეგიონალური პროექტი, რომელიც ფართოდ განიხილებოდა საზოგადოებასა და სამთავრობო წრეებში, მის შესახებ ქვეყნდებოდა ინფორმაციები ჟურნალ-გაზეთებში, მაგ. აღსანიშნავია ჟურნალ ეპოქაში გამოქვეყნებული სტატია ,,ტრასეკა ქუთაისის გავლით - ოცდამეერთე საუკუნის პროექტი'' და სხვ. მომდევნო წლებში ყულევის ტემინალის მშენებლობამ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილებამ ეს პროექტი ამოიღო დღის წესრიგიდან, მაგრამ მე რომ ვახსენე პირველად ქუთაისთან ახლოს ასეთი პორტის მშენებლობის იდეის შესახებ, იგი ჯერ კიდევ აქტუალური იყო...

ეს იყო და ეს.

 

ჩემს არმენოფობიაზე საუბარი ხომ საერთოდ უსაფუძვლოა და შემიძლია მხოლოდ სომხეთის ისტორიის ცოდნაში საპაექროდ გამოვიწვიო ახალგაზრდა და პერსპექტიული კაცი - ბატონი ტუმასიანი... ერთ კი მინდა შევნიშნო, რომ ,,მშვიდობის ფონდის'' დამფუძვნებელის გიორგი ტუმასიანის აქტიურობა მედიასივრცეში მიანიშნებს რომ ის კარგად დაგრანტული ორგანიზაციაა. ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ ეგ გრანტები, მაგრამ მშვიდობის ფონდი ხალხთა შორის მშვიდობაზე უნდა ზრუნავდეს უწინარეს ყოვლისა და არა ადამიანთა შორის დაპირისპირებაზე და დაუსაბუთებელი ბრალდებების კეთებაზე...

 

მაინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მშვიდობის ფონდის'' გეგმებში და მიზანდასახულობაში შედის თუ არა არმენოფობიასთან ბრძოლა, რომელიც ჩემი აზრით საქართველოში არ არსებობს და ის გაუგებრობა რომელიც ქართველებსა და სომხებს შირის მოხდა 1918 - 21 წლებში, კარგა ხანია დაივიწყეს როგორც ქართველებმა ისე სომხებმა და ზოგიერთი ქართველის არმენოფობიობის გამოგონება ვერ ვხვდები რა მიზანს ემსახურება, რაიმე გრანტის მიღებას ხომ არა? ბატონი ტუმასიანი ხომ საქართველოს მოქალაქეა უპირველეს ყოვლისა..."


პატივისცემით ომარ ნიშნიანიძე, ისტორიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პარლამენტის წევრი


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner