„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 922 პირი ემსხვერპლა“,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 16 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 943 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 477 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 466 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ნარჩუნდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი, მეტიც, ბოლო პერიოდში, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, სახეზეა ინფიცირების გავრცელების შემცირების ტენდენცია.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 198 387-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 495 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 167 281-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 922 პირი ემსხვერპლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.