logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: საერთაშორისო ასპარეზზე ვახერხებთ გაერთიანებას და ერთ მუშტად შეკვრას
- +

4 ივლისი. 2016. 10:53



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მხრიდან საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერის საკითხს გამოემაურა. მისი თქმით, აღნიშნულ რეზოლუციაში ყველაფერს დარქმეული აქვს თავისი სახელი, მათ შორის რუსულ ოკუპაციას და იმ პრობლემებს, რაც არსებობს ქვეყანაში.

 

„ეუთო-ს პოლიტიკური კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტით, 56 ქვეყანა ეუბნება ერთს, რომ დაიცვას ის სტანდარტები, რაც დასაცავია. რეზოლუციაში ყველაფერს დარქმეული აქვს თავისი სახელი. კერძოდ, რუსულ ოკუპაციას, იმ პრობლემებს, რაც გვაქვს და ეუთო ამით მოუწოდებს ქვეყანას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ განუხრელად იქნას დაცული საერთაშოროსო სამართლის პრინციპები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოში დადებული ხელშეკრულება და მისცეს საშუალება დევნილებს დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში, გაიყვანოს შეიარაღებული შენაერთები ამ ტერიტორიებიდან და უარი თქვას საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლად გამოცხადებასა და აღიარებაზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ რეზოლუცია ინიცირებულია მის მიერ, მაგრამ დოკუმენტის შედგენაში მონაწილეობა საქართველოს დელეგაციის ყველა წევრმა მიიღო.

 

„მართალია, დოკუმენტს ჰქვია ჩემი სახელი და ინიცირებულია ჩემს მიერ, მაგრამ მის შედგენაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციის ყველა წევრმა, საპარლამენტო უმცირესობამ და უმრავლესობამ. ეს არის მაგალითი იმისა, რომ როცა ჩვენ, პოლიტიკური ძალები საერთაშორისო არენაზე ვახერხებთ გაერთიანებას და ერთ მუშტად შეკვრას, მაშინ შედეგი გაცილებით მარტივად მიიღწევა", - განაცხადა უსუფაშვილმა.


რეზოლუციის კანონპროექტს მხოლოდ რუსეთის დელეგაციის სამმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი.


რეზოლუციის კანონპროექტს საბოლოოდ ხვალ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, 17 პუნქტისგან შედგება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner