კაცმა ჭირი მალა, მალა, ჭირმა თავი ვერ დამალა! – ამბობს ქართული ხალხური ანდაზა, რომლის თანამედროვე ვარიანტიც ასეთი იქნება – ნაცმა ჭირი მალა, მალა, ჭირმა თავი ვერ დამალა!
მოგეხსენებათ, „ნაციონალური“ მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში ყოველნაირად ცდილობდა დაემალა, რომ იგი მთელი თავისი არსით რუსული ძალაა.
კონკრეტულად რომ ვთქვათ, სააკაშვილის დაჯგუფება ლამობდა, თავისი რუსულობისა თუ პრორუსულობის ვუალირება ანტირუსული და პროდასავლური რიტორიკით მოეხდინა.
– ჩვენ ვართ პროდასავლური ძალა, ხოლო ყველა, ვინც ჩვენ გვიპირისპირდება, ანტიდასავლური და პრორუსული წარმონაქმნია! – გამოაცხადეს ნაცებმა და დასავლურ ორიენტაციაზე, თითქოს, ექსკლუზივიც გაიფორმეს.
ჰოდა, აკეთებდა „ნაცმოძრაობა“ რუსულ საქმეს ანტირუსული და პროდასავლური რიტორიკით, სიტყვით დასავლეთის მზეს იფიცებდა, საქმით კი სწორედ დასავლური დემოკრატიის მზეს აბნელებდა. დეკლარირებული პროდასავლურობის ფონზე სჩადიოდა ყველაფერს, რასაც დასავლური დემოკრატია კატეგორიულად გამორიცხავს –ახშობდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ხელყოფდა კერძო საკუთრების უფლებას, ფეხქვეშ თელავდა ადამიანის ყოველგვარ უფლებას, მათ შორის, ყველაზე ფუნდამენტურსა და უზენაესსაც კი, სიცოცხლის უფლება რომ ჰქვია. აღარაფერს ვამბობთ წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობასა და გაუპატიურებაზე, რომელსაც სასჯელაღსრულების სისტემაში რეგულარული ხასიათი ჰქონდა და მიზნად ისახავდა ადამიანის არამარტო ფიზიკურ, არამედ მორალურ და ფსიქიკურ განადგურებას.
ერთი სიტყვით, სააკაშვილის საქართველოში ხდებოდა ყველაფერი, რაც პუტინის რუსეთში ხდება და არ ხდებოდა არაფერი, რაც ხდება დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში!
სააკაშვილის ხელისუფლება არასოდეს ღალატობდა მმართველობის რუსულ სტილს და იმავდროულად ანტირუსულ რიტორიკას აწვებოდა.
„ნაცმოძრაობა“ თითქმის ფილიგრანულად ახერხებდა, რუსეთის გინების ფონზე ეკეთებინა რუსული საქმე და დასავლეთის ქება-დიდების ფონზე ჩაედინა ყველანაირი ანტიდასავლური საზიზღრობა.
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმს ჰქონდა საოცარი უნარი, მარცხენა ხელით დასავლეთის დროშა ეფრიალებინა, მარჯვენა ხელით კი სულ უფრო მაღლა და მაღლა აეწია რუსული დროშა არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის მთელ რეგიონში.
გავიხსენოთ: „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა სწორედ რუსეთის გინებითა და პროდასავლური დროშის ფრიალით მიჰყიდა რუსეთს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები; რუსეთის გინებითა და პროდასავლური დროშის ფრიალით შეიყვანა ახალგორის რაიონი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის, კოდორის ხეობა კი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში, 2008 წელს კი ახალგორის რაიონიც და კოდორის ხეობაც რუსეთის გინებითა და პროდასავლური დროშის ფრიალით ჩააბარა რუსეთს ისე, რომ ტყვიაც არ გაუსვრია; ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასაც, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, „ნაცმოძრაობამ“ რუსეთის გინებითა და პროდასავლური დროშის ფრიალით მოაწერა ხელი, ომის შემდეგ კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას ისევ რუსეთის გინებითა და პროდასავლური დროშის ფრიალით მისცა ხმა.
რაც დრო გადიოდა, საქართველოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი რწმუნდებოდა, რომ „ნაცმოძრაობის“ სახით პირწავარდნილ რუსულ ძალასთან ჰქონდა საქმე, მაგრამ დიდი იყო იმათი რიცხვიც, ვინც „ნაცმოძრაობის“ ანტირუსული რიტორიკის ბანგიდან ვერ გამოდიოდა და სააკაშვილის რეჟიმი პროდასავლური ეგონა.
და აი, დადგა ჭეშმარიტების მომენტი, როცა „ნაცმოძრაობა“ რიტორიკის დონეზეც კი ვეღარ მალავს იმას, რის შენიღბვასაც აქამდე ასე თუ ისე, ახერხებდა.
დიახ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა და მის კვალდაკვალ განვითარებულმა მოვლენებმა „ნაცმოძრაობა“ აიძულა, პროდასავლურობის ნიღაბი საკუთარი ხელით ჩამოეგლიჯა და ნაცარტუტად ექცია უკანასკნელი შირმა, რომელიც საზოგადოების გარკვეული სეგმენტის თვალში პროდასავლური ოპოზიციის იმიჯს უნარჩუნებდა.
პირდაპირ რომ ვთქვათ, „ნაცმოძრაობა“ თავისი პარტიული ტელეკანალიზაცია „მთავარი არხითურთ“ საქართველოში ანტიდასავლური რიტორიკის მთავარ რუპორად გადაიქცა და პროპაგანდისტული ცეცხლი გაუხსნა დასავლეთის სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლებს, უპირველეს ყოვლისა კი, ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს.
„ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების უმოქმედობის ბრალია, რომ საქართველოში ასეთი საარჩევნო სისტემა გვაქვს და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ინარჩუნებს!“ „ამერიკის ელჩი და სხვა დიპლომატები ანტიქართულად იქცევიან, როცა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ!“ „საერთაშორისო პარტნიორებზე უკეთ ჩვენ ვიცით, რა სჭირდება საქართველოს!“ „დასავლეთის ქვეყნების ელჩებს არ უნდა დავუჯეროთ, რადგან ეს ჩვენი მხრიდან პოსტკოლონიური სინდრომის გამოვლინება იქნება!“ „ამერიკის ელჩი სამარცხვინოდ მოიქცა, როცა ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრო!“ – ასეთი და ამაზე უარესი განცხადებები გვესმის ნაცსექტის წარმომადგენელთა მხრიდან, ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკის მედროშედ კი ტელეკანალიზაცია „მთავარი არხის“ მთავარი მექაქე ნიკა გვარამია გვევლინება, რომელიც ექსკლუზიურად არის უფლებამოსილი, პირადად სააკაშვილის აზრები და განწყობა გაახმოვანოს.
და რას ერჩის „ნაცმოძრაობა“ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მსუბუქი კრიტიკის გამოც კი, თავის დროზე, ყველას პრორუსისა და პუტინისტის იარლიყს აკერებდა?
რატომ ამოიღო მიზანში ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები სააკაშვილის პროპაგანდისტულმა არტილერიამ?
მიზეზი ძალიან მარტივი და თვალსაჩინოა: უცხოელი დიპლომატები მხარს არ უჭერენ ნაცსექტის დესტრუქციულ გეგმას, რომელიც ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას გულისხმობს! საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩები მწვანე შუქს არ უნთებენ დესტაბილიზაციასა და ქაოსს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს და რომელსაც ნაცმოძრაობა ესწრაფვის, როგორც რუსული ძალა! საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს არ სურთ რაიმე ფორმით შეუწყონ ხელი ნაცების მიერ გამოცხადებული რევანშის ქრონიკას, რომელიც არამარტო საქართველოს დააზარალებს, არამედ დარტყმას მიაყენებს დასავლური სამყაროს ინტერესებს მთელ რეგიონში!
ერთი სიტყვით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და სხვა უცხოელი დიპლომატები ახლა სწორედ ისე იქცევიან, როგორც საქართველოს ნამდვილ მეგობრებს შეეფერებათ, რაც საქართველოს ნამდვილი მტრების – გვარამიასა და ნაცების ისტერიკას იწვევს!
ყოველთვის ასე იყო: ვინც საქართველოს ემეგობრებოდა, ის ბუნებრივად გამოდიოდა „ნაცმოძრაობის“ მტერი, ხოლო ვინც ნაცების მეგობარი იყო, ის ავტომატურად მტრობდა საქართველოს ინტერესებს, რადგან საქართველო და ნაცმოძრაობა, საქართველოს ეროვნული ინტერესები და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური მიზნები ერთმანეთთან ორგანულად შეუთავსებელია.
შესანიშნავია, რომ როგორც იქნა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და „ნაცმოძრაობა“, როგორც ნომერ პირველი ანტიდასავლური ძალა, ბოლომდე ლუსტრირებულია!
„ნაცმოძრაობას“, როგორც ნომერ პირველ რუსულ ძალას საქართველოში, ამიერიდან ავთენტური სახელი – „ნაციონალნოე დვიჟენიე“ უნდა ვუწოდოთ, რადგან იგი უკვე ოფიციალურადაც რუსული პარტია გახდა.
თუ ქართველ ხალხს დასავლეთთან რაიმე პრეტენზია ჰქონდა, უპირველესი სწორად ის იყო, რომ ევროპისა და ამერიკის გარკვეული წრეები სააკაშვილის სექტის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდნენ, მაგრამ დღეს სხვა რეალობას ვუყურებთ და ვხედავთ, რომ ნაცსექტას დასავლეთის ფრონტზეც მოეხადა, დასავლეთის ფრონტი შეცვლილია!
„ნაციონალნოე დვიჟენიე“ საქართველოს ახლა უკვე ღიად უტევს რუსული ფრონტიდან!
ჯაბა ხუბუა