„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ამნისტიის აქტი ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ განსაზღვრული პროცედურით განხორციელდება.
კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ ბრალდებულის მიმართ ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე მიიღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო.
რაც შეეხება მსჯავრდებულს, მის მიმართ გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე მიიღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
პენიტენციური დაწესებულება ან დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო კანონის ამოქმედებიდან ორი კვირის ვადაში შესაბამისი მსჯავრდებულის პირად საქმეს მიაწვდის სასამართლოს, ხოლო უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის პირად საქმეს პენიტენციური დაწესებულება შესაბამისი გარემოებების დადგომიდან ორი კვირის ვადაში მიაწვდის თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
პირს, რომელზეც ვრცელდება ამნისტია, უნარჩუნდება შესაძლებლობა, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით. მასვე ექნება შესაძლებლობა, ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში.
კანონპროექტის თანახმად, ამნისტიის აქტი უნდა აღსრულდეს კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.