საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპონენტები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ხელახალ არჩევნებს ითხოვენ და ეს არის მთავარი საკითხი, რაც მათ მოლაპარაკების მაგიდაზე უდევთ.
ვოლსკის თქმით, ოპოზიციის მხრიდან იგნორირებულია სხვა თემები, მათ შორის, რომლებიც ეხება საარჩევნო კოდექსს.
გიორგი ვოლსკის განმარტებით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება უშუალოდ მოლაპარაკებებს, ვოლსკი მიიჩნევს, რომ დაპირისპირებული პოზიციების დაახლოების მექანიზმი სწორედ მოლაპარაკებებია.
„კონკრეტულ წინადადებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ ისაუბრეს. მთავარი თემა, რაც ჩვენს ოპონენტებს მაგიდაზე უდევთ არის ის, რომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე განვიხილოთ ხელახალი არჩევნების ჩატარება. ის პოზიცია, რასაც ჩვენი ოპონენტებისგან ვისმენთ, არის იგნორირება იმ თემებისა, რასაც „ქართული ოცნება“ აყენებს, ნებისმიერი საკითხის, რაც შეეხება საარჩევნო კოდექსის თემას, რომელსაც ვთავაზობთ განსახილველად.
არა მგონია, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მოლაპარაკებები, ვინაიდან არსებობს დაპირისპირებული პოზიციები და ამ დაპირისპირებული პოზიციების დაახლოების მექანიზმი არის მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების არსიც ეგ არის, გაითვალისწინონ ჩვენმა ოპონენტებმა საზოგადოების დამოკიდებულება, რეალური სიტუაცია, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დამოკიდებულება და წარმოადგინონ გარკვეული პოზიცია, თუ რატომ ამბობენ უარს გადათვლაზე ან ვიდეოთვალის გახსნაზე, რატომ აკეთებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დასკვნებზე იგნორირებას და რისკენ მიისწრაფვიან. სახელმწიფომ რა უნდა ქნას, თუნდაც ვადამდელი არჩევნების თემაზე, რის საფუძველზე უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ასე უნდა ამა თუ იმ პიროვნებას? იმიტომ, რომ ასე უნდა სააკაშვილს?“ – განაცხადა ვოლსკიმ.