ტყუილი უკვე 15 წლისაა! – აცხადებს ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების კვალდაკვალ ჯორჯ ბუშ-უმცროსზე არშემდგარი ტერაქტის ბრალდებით 2005 წელს დაპატიმრებული ვოვა არუთინიანის დედა, ანჟელა არუთინიანი რომელმაც დაჟინებით გვთხოვა, კიდევ ერთხელ დაგვეთმო მისთვის „ასავალ-დასავალის“ ფურცლები. ანჟელა არუთინიანს შინ ვეწვიეთ:
– 15 წელი ვდუმდი, ისევ ვოვას გამო ვდუმდი... მეგონა, ვითარება შეიცვლებოდა, ტანჯვას აკმარებდნენ და გაათავისუფლებდნენ... სამი დიპლომი მაქვს, ფრანგული ენის მასწავლებელი და უფროსი მეცნიერ-მუშაკი, შრომის ვეტერანი გახლავართ. ხომ ხედავთ, პენსიონერი და სოციალურად დაუცველი, უკიდურეს სიღარიბეში ვცხოვრობ! თავს ბაზარში ხელსახოცების გაყიდვით ვირჩენ. ვოვას ჩემ გარდა არავინ ჰყავს... 15 წელია, ციხეში ზის და ამ დროის მანძილზე შვილს არ შევხვედრივარ. პაემნის დროსაც კი შუშის ბარიერი გვყოფს, აკმარონ, რაც ციხეში იტანჯა! გაითვალისწინეთ – ეს 15 წელი სამარტოო საკანში გაატარა და დამლაპარაკებელიც არ ჰყოლია! მე რომ მოვკვდე, არავის გაახსენდება! უკვე 80 წლის ვარ და მარტო ის მასულდგმულებს, რომ შვილს ვჭირდები... მინდა მთელმა საქართველომ იცოდეს, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა!
– მაშ, რა მოხდა სინამდვილეში?
– ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ არანაირი ტერაქტი ბუნებაში არ ყოფილა! ბუში ხომ ცოცხალია?! უფრო მეტიც, ისე გაემგზავრა საქართველოდან, არც კი შეუტყვია, თითქოს ვინმე ლიკვიდაციას უპირებდა! ლიკვიდაცია კი არა, უკვე დაბეჯითებით გეუბნებით – მისთვის ყუმბარა არავის უსვრია, ხოლო ტერაქტის შესახებ მითი სააკაშვილის მითითებით მისმა სპეცსამსახურებმა შეთხზეს! ნახეთ, რას წერს სააკაშვილის დაცვის უფროსის მაშინდელი მოადგილე ვასილ გიგოლაშვილი (ხმამაღლა მიაკითხავს): „სწორედ იმ ადგილას ვიდექი, სადაც პოლონელმა ჟურნალისტმა არუთინიანს ფოტო გადაუღო. ჩემ გვერდით იჯდა მთელი ამერიკული მანქანა და გამორიცხული იყო, რამე მომხდარიყო. მეტიც, ფარული კამერები იღებდა ყველაფერს! ამერიკელებმა მთხოვეს საიდუმლოდ დარჩენილიყო და ამიტომაც, ვიდეომასალის შინაარსს ვერ გავახმაურებ!“
ჯერ ლამის გმირად შერაცხეს, ვინც ყუმბარა გაიტანა. მერე აღმოჩნდა, რომ სასწავლო ყოფილა და მაინც ვერ აფეთქდებოდა. მთავარი ისაა, რომ ყუმბარა ვოვას არ უსვრია და არც მტკიცებულება ან ვიდეოკადრები არსებობს, თითქოს საერთოდ ისროლეს. ამერიკული დაზვერვის ფარული კამერები საგულდაგულოდ აკონტროლებდნენ სიტუაციას და ეყოლებათ დაფიქსირებული როგორც ვოვა, ასევე ის პირი, ვინც ცხვირსახოცში გახვეული ყუმბარა ბუშის მახლობლად დადო!
– ამტკიცებთ, რომ თქვენს შვილს იმ ყუმბარასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია?
– ვინმეს სჯერა, რომ იმდენ ხალხში და სპეცსამსახურებში ვოვამ შეუმჩნევლად შეძლო ყუმბარის სროლა და შემდეგ იქაურობის მშვიდად დატოვება?! ამასაც რომ თავი დავანებოთ, რანაირად შეძლებდა ყუმბარით შეიარაღებული ბუშამდე მიღწევას, როცა მარტო ქართული კი არა, ამერიკული სპეცსამსახურებიც საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ ღონისძიებაზე დასასწრებად მისულ ყველა სულიერს?
გაითვალისწინეთ – ვოვა ამ ამბებიდან 3 თვის შემდეგ დაიჭირეს! სახლის მახლობლად დაჭრეს და საკაცეთი წაიყვანეს! ადვოკატიც თვითონ აუყვანეს, მირეკავს ეს ადვოკატი და მეუბნება – საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია გაუკეთეს, სულ შიშველია, ზეწრის ამარაა, ტანსაცმელი წამოუღეთო... კითხვა მაქვს, სად წავიდა ტანსაცმელი, რომელიც დაკავების მომენტში ეცვა?
– მაგრამ მისი დაკავების დროს პოლიციელი დაიღუპა...
– ქუჩიდან მოსულს სახლთან დახვდნენ. იარაღი რატომ ან საიდან ექნებოდა? შეეშინდა დამხვდურების. გაიქცა და სროლით დაედევნენ. არც არასოდეს ჰქონია იარაღი და არც მიდრეკილება, რომ ჰქონოდა. რაც მთავარია, დაღუპულ პოლიციელს ტყვია უკნიდან ჰქონდა ნასროლი! ის სარდაფი, სადაც ვოვას იარაღები „იპოვეს“, სინამდვილეში მურაბების სათავსო იყო! გასაღები გამომართვეს, მერე ჩემი თვალით ვნახე და სხვებმაც ნახეს, საბარგო ავტომობილებით როგორ მოიტანეს რაღაც კალათები და შიგ შეზიდეს!
– აღარც ბუშია ამერიკის პრეზიდენტი, აღარც სააკაშვილია საქართველოში. მაშ, ვის ინტერესებშია ვოვა არუთინიანის პატიმრობა?
- ეს 15 წლის წინანდელი ტყუილი სააკაშვილის შეთხზულია, რათა ამერიკელებისთვის თავი მოექონა. სამწუხაროდ, არავის უნდა იმის აღიარება, რომ 15 წლის წინათ დაჭერილი უდანაშაულო ადამიანი ისევ ციხეში უზით!
ბოლოთქმა: ზურაბ ჟვანიას დედა – ქალბატონი რემა გასულ კვირას ისე წავიდა ცხოვრებიდან, რომ შვილის რეალური მკვლელის დასჯას ვერ ეღირსა. იქნებ ვოვა არუთინიანის დედის განწირულმა ხმამ მაინც გაახელინოს თვალი მძინარე საქართველოს, რომელმაც ავაზაკი სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმს ბოლო არ მოუღო!
ზაზა დავითაია