მიყვარს ზურა ყიფშიძესთან საუბარი, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობთ ერთმანეთს, ლაპარაკობს ყოველგვარი პრანჭვისა და ვარსკვლავური ჭირვეულობის გარეშე, ამიტომ დროგამოშვებით ვუკავშირდები და გვეკარგება დროის განცდა. ამჯერადაც ასე მოხდა, მიამბეთ, რა მოხდა ჩვენი ბოლო ინტერვიუდან დღემდე–მეთქი, ვუთხარი საუბრის დასაწყისში, მერე კი არაერთ თემას შევეხეთ.
– ისეთები მოხდა, მიშა გომიაშვილს ინფარქტმა დაარტყა, მერე გაუმეორა. გუშინ გამოვიდა საავადმყოფოდან. ახალ წლამდე ორი შუნტი აქვს გასაკეთებელი და სტენტი. სხვა არაფერი ხდება, ხან ასე ვარ, ხან ისე. ახლა ფილტვების ანთება მაქვს, გადაღებაზე გავცივდი გუშინ.
– კოვიდს ხომ არ დაუკავშირეს ანთება?
– არა, გასინჯული ვარ უკვე.
– ცუდია, რომ ანთება გაქვთ, მაგრამ კარგია, რომ კოვიდი არ გაქვთ და უკეთესი, რომ ამ უძრაობის ხანაში გადაღება მიმდინარეობს, რას იღებენ?
– გიორგი კიკალეიშვილი ყაზახებთან ერთად იღებს ფილმს, რომელშიც მე და ბუბა კიკაბიძე ვთამაშობთ მამა–შვილს. კარგია, ამ „კორონას“ დროს რომ რაღაცას ვაკეთებთ, მით უმეტეს ისეთს, რასაც სიცილი და ხალისი ახლავს.
– ფილტვების ანთებით უნდა იმუშაოთ?!
– მსახიობები ვართ, ანთებითაც გვიმუშავია და მოტეხილობითაც.
– თან თამაშსაც მონატრებული ხართ...
– აბა რა!.. ახლა მიშა გომიაშვილს ველაპარაკე და ნუ გადავაგდებთ „არტ-ხელოვნებას“, ხალხი დადის ამ სპექტაკლზე-მეთქი. 21 წელია ვთამაშობთ და სულ ანშლაგებია, მაგრამ თემურ ჩხეიძეს მოხსნა უნდა ამ სპექტაკლის, როდემდე შეიძლება ითამაშოთ, დაბერდით, არადა, იქ ახალგაზრდები უნდა თამაშობდნენო, ამბობს. მიშასაც ამოუვიდა, მე პირველი ვჯაჯღანებდი ამაზე, მაგრამ რადგან ხალხს უყვარს, ვთვლი, რომ ჯობია ვითამაშოთ.
– მართალია, სოლიდური ასაკი აქვს ამ სპექტაკლს, თუმცა თქვენი და გომიაშვილის მეგობრობა მასზე უფროსია.
– აბა რა... ჩვენ ახალგაზრდობაში ვხვდებოდით, მერე ვიშლებოდით და კვლავ სადღაც ვიკვეთებოდით. მერე მოსკოვში წავიდა, მაგრამ არ გამოვიდა მისგან ბიზნესმენი. თემურ ჩხეიძემ აეროპორტში ნახა და თეატრალურ ცხოვრებას დაუბრუნა. დადგეს „მარადი ქმარი“. მეორე წელს სტრინბერგის „მამა“ დავდგით. მე მანამდე 10 წლის გაჩერებული ვიყავი და ითვლება, რომ თემურ ჩხეიძემ მეც და მიშასაც მეორე სიცოცხლე გვაჩუქა, როგორც მსახიობებს. ინსტიტუტიდან ვიცნობ მიშას, სხვადასხვა ჯგუფში ვუკრავდით, ის გიტარაზე, მე – დასარტყამ ინსტრუმენტებზე ნუგზარ კვაშალთან, მამუკა დუმბაძესთან და გია ეძგვერაძესთან ერთად. ჩვენს ანსამბლს „ჯეჯილი“ ერქვა. ქუჩასა და კლუბებში რომ არ ვყოფილიყავით, დედაჩემის ინიციატივით ანსამბლი შევქმენით და მარჯანიშვილის თეატრის სახელით გამოვდიოდით.
– ხალხმრავლობა გენატრებათ?
– რა ვქნა, მხატვარი ან პოეტი რომ ვიყო, უფრო ადვილად გადავიტანდი... დავბერდი და ყველაფერი მტკივა, მაგრამ რაღაცის კეთება მაინც მინდა... არ შემიძლია ასე ჯდომა, გავგიჟდი... ხანდახან შვილიშვილთან განვმარტოვდები ხოლმე, ან ძაღლს ვასეირნებ.
– მომიყევით პატარა კოსმო ყიფშიძეზე.
– უიმე, გვაგიჟებს! ეს არის დოპინგი, ხან აქ არის, ხან – მეორე ბებიასთან. ვერც ერთი ვერ ვძლებთ უმისოდ. ახლა იქით არიან და თან გაჰყვა ჩემი გული. აზრიანი კაცია, გავგიჟდი! საოცრება გვყავს! მცნობს, ვუყვარვარ, ამაზე ჩემი ცოლიც ეჭვიანობს და ძაღლიც, თუმცა ძაღლი თავისებურად მზრუნველობას არ აკლებს, იცავს. შავი ბაგირა მომიკვდა, ახლა ერთი ძაღლი დამრჩა, ბენი. ის გირჩით თამაშობდა ხოლმე – გადავუგდებდი, მომიტანდა.
– პირბადეს როგორ მიეჩვიეთ?
– საშინელებაა, თან ენფიზემა გვაქვს, მეც და ჩემს ცოლსაც და ძალიან გვიჭირს, თუმცა ვემორჩილებით. რეგულაციები საჭიროთ იყო, დაღლილი და დაინფიცირებული ექიმები უნდა დაასვენონ, რომ მერე მათ ჩვენ მოგვიარონ. ძალიან დიდ პატივს ვცემ ექიმებს. მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, ქირურგი ვიქნებოდი.
– პოლიტიკურ პროცესებს ადევნებთ თვალს?
– ვადევნებ, მინდა-არმინდა. ხანდახან ისეთი განწყობა მაქვს, თითქოს ყველა ტყუის, ყველა მედროვეა. ერთმანეთთან მატაობენ – პარტიიდან პარტიაში გადარბიან-გადმორბიან... ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ ჩემი ადგილი არ არის პოლიტიკაში.
– როლებზე ვისაუბროთ... გიყვართ თქვენი მონაწილეობით ფილმების ყურება?
– არ მომწონს, სულ ყალბი მეჩვენება, სულ სხვა რაღაც მინდოდა და სხვა გამოვიდა. თეატრში უფრო ამაყად ვარ, იქ ყველაფერს ხელს მოვაწერ. ისეთი არაფერი მითამაშია, რომ პამიდორი ან კვერცხი მესროლონ, კინოში კი 90 პროცენტი ეგეთი როლები მაქვს.
– კინოში თქვენი მოსვლა თქვენი სურვილის შედეგი იყო თუ დედის დამსახურება?
– ჩვენ რომ პლეხანოვიდან საბურთალოზე გადავედით, მაშინ ჩვენი სახლის იქით სახლი აღარ იდგა, მხოლოდ იპოდრომი იყო და დავიწყე ცხენოსნობაზე სიარული, მოვიტყუე, 14 წლის ვარ-მეთქი, რომ მივეღე, არადა 12-ის ვიყავი მხოლოდ. ერთ დღეს კინოსტუდიიდან მოვიდნენ, „მაცი ხვიტიას“ იღებდნენ და დუბლიორი სჭირდებოდათ. სულ არ იცოდნენ ვისი შვილი ვიყავი. მომარგეს ჩოხა, ყაბალახი, დამსვეს ცხენზე და ფოტოები გადამიღეს. მოგვიანებით ზუგდიდში ვახლდი დედაჩემს გასტროლზე და მედეა ჯაფარიძე შემოვარდა, ლენა, ზურიკო დაამტკიცეს როლზეო. ასე შემთხვევით მოვხვდი კინოში.
– საოცარი დედა გყავდათ...
– ახლა რომ ფიქრისთვის ბევრი დრო გვაქვს... ყველა ფიქრი დედასთან მიდის. გუშინ გამახსენდა და ვიცინეთ ყველამ – კომუნიზმი რომ გადავარდა და თავისუფლები გავხდით, მე და ჩემმა ცოლმა ვუთხარით, ლენა ყველას ყველაფერს უბრუნებენო. მერე, რა მე რა მქონდა, რა უნდა დამიბრუნონო, ჩაილაპარაკა. როგორ, შენ არ ამბობდი, სადაც უნივერსიტეტის მეორე კორპუსი აშენდა, მანდ ყიფშიძეების გორა იყო, რომელზეც დიდი სახლი გვედგა, საქონელიც გვყავდა და შევწირეთ უნივერსიტეტსო? – გავახსენეთ და რა, ახლა მეორე კორპუსში უნდა ვიცხოვრო? – გვკითხა გაკვირვებულმა. დაწერე განცხადება და რაღაცას მოგცემენ-მეთქი, დავარიგე. მერე ხან მე, ხან ჩემს მეუღლეს გვეკითხებოდა, მითხარით, რა გავაკეთო, მე არ ვიციო.
დედაჩემი და გალაკტიონის გერი ნუნუ ებანოიძე საუკეთესო მეგობრები იყვნენ, სკოლის შემდეგ ან იმათთან იყვნენ, ან ჩვენთან. დედაჩემი გიჟდებოდა გალაკტიონზე. ერთხელ გალაკტიონისთვის უთქვამთ, აქვე ცხოვრობ და ერთხელ არ უნდა დაესწრო ლენას სპექტაკლსო? მართლაც წასულა თეატრში ნუნუსთან ერთად. გალაკტიონია დარბაზიო, ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ თურმე მაყურებლები. გამოჩნდებოდა თუ არა დედაჩემი სცენაზე, ბრავო, ყიფშიძე, ბრავო ყიფშიძე? – შესძახებდა თურმე გალაკტიონი. ასე გაგრძელდა, სანამ დედაჩემის პეროსონაჟის გარდაცვალების დრო არ დადგა. ჩემი გოგო თუ აღარ არის, მე აქ რაღა მინდაო, უთქვამს გალაკტიონს და წასულა.
მიყვარს წარსულზე ფიქრი – ბევრი სისუფთავე იყო მაშინ, ან იქნებ არც იყო, მაგრამ საბოლოოდ ადამიანს მხოლოდ კარგი ამახსოვრდება.
ეკა სალაღაია