გენერალი ბენ ჰოჯესი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში NATO-ს შავი ზღვის რეგიონში გაძლიერებაზე წერს, სადაც საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგიაზეც ამახვილებს ყურადღებას.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეიმუშაოს უფრო მტკიცე სტრატეგია უკრაინისა და საქართველოს მხარდასაჭერად“, - აცხადებს ევროპაში შტატების სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი.
ჰოჯესის განცხადებით, მოსკოვს შავი ზღვის რეგიონში საკუთარი ტერიტორიული მიზნები აქვს, რაც ყირიმის მილიტარიზებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ომითა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციით გამოიხატება.
„ამერიკული ლიდერობით, NATO-მ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან არსებული ინიციატივების ფარგლებში, მათ შორის ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მოდერნიზაციით“, - წერს ამერიკელი გენერალი.