„ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ISFED-ს კურირებდა სწორედ სააკაშვილი და ეს იყო მონაცემების შეგნებული ფალსიფიკაცია“, - ამის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტი ოლეგ დეინეკა აცხადებს.
„ნოვინი უკრაინის“ დირექტორმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ხუთჯერ იმყოფებოდა უკრაინაში გია ნაცვლიშვილი, რომელიც სააკაშვილის კადრია და „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. ნაცვლიშვილი იყო ორგანიზატორი თურქეთში შეხვედრების, რომელსაც ესწრებოდნენ სამართლიანი არჩევნების კურატორი ირაკლი ნასყიდაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. უკრაინელი ჟურნალისტების მტკიცებით, სწორედ იქ იგეგმებოდა დესტრუქციული სცენარი და ყალბი მონაცემების გასაჯაროება.
„უკრაინაში ზაფხულში ჩამოფრინდა გია ნაცვლიშვილი, რომელიც წლებია სააკაშვილის კადრია და ვარდების რევოლუციაშიც აქტიურად მონაწილეობდა. ის გახლდათ დეპუტატი და თუ არ ვცდები, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე. გარდა სააკაშვილისა, ნაცვლიშვილი ასევე შეხვდა ირაკლი ნასყიდაშვილს - პროგრამისტს, რომელიც შემჩნეულია ეგზიტპოლების შედეგების გაყალბებაში. მან ვითომ შეცდომა დაუშვა, სინამდვილეში კი ეს განზრახ გააკეთა. ამის ახსნა მარტივად შეგვიძლია. ამ პროგრამისტის უშუალო ხელმძღვანელი სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელი და თქვენი ქვეყნის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილია. სწორედ ის ხელმძღვანელობდა ამავე ორგანიზაციას 2003 წელს. ზუსტად იგივე კომპანიას, რომელმაც ახლა მცდარი მონაცემები გამოაქვეყნა, რასაც მოგვიანებით მთელი ოპოზიცია დაეყრდნო. სწორედ ეს მონაცემები გამოიყენა მიხეილ სააკაშვილმა იმის სამტკიცებლად, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამ მონაცემებს იყენებდნენ საპროტესტო მუხტის ასაწევად. ასეთივე სცენარი იყო 2003 წელს, როცა „სამართლიან არჩევნებს“ ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოგვევლინა რევოლუციური ტალღის ავანგარდში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი სახელისუფლებო თანამდებობებზე. ეს გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ სააკაშვილს მესამე მაიდანის მოწყობა და ახალი რევოლუცია სურდა“, - ამბობს დეინეკა.
გუშინ „ნოვინი უკრაინის“ დირექტორმა, ოლეგ დეინეკამ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობაზე პრესკონფერენცია გამართა.