logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: IMF-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიღწევები ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით მთავრობის მიერ მიღებული ბიზნესის მხარდაჭერის გეგმა
- +

17 დეკემბერი. 2020. 12:08

 

 

„გუშინ შედგა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შემდგომი, მე-7 შეხვედრა, სადაც განხილული იყო საქართველოს პროგრამის შესრულების მე-7 ეტაპი და ამ განხილვის დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მიღწევები ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მთავრობის მიერ მიღებული ბიზნესის მხარდაჭერის კონკრეტული გეგმა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება დაახლოებით 4,3 პროცენტი, თუმცა ასევე აღინიშნა, რომ ერთმნიშვნელოვნად უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები და ყურადღება უნდა გამახვილდეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესრულების დისციპლინაზე.

 

„ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება, რამეთუ ითვალისწინებს როგორც ხარჯვით, ასევე საშემოსავლო ნაწილს. აუცილებელია, რომ 2021 წელი უაღრესად ფრთხილად და გონივრულად გავატაროთ. ეს არის პოსტკრიზისული სწრაფი ეკონომიკური აღდგენის ის პოტენციალი, რომელიც უნდა შევუნარჩუნოთ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პანდემიის პირობებში ეკონომიკური კრიზისული პროგრამა დაამტკიცა და ამან მოგვცა შესაძლებლობა, დონორი ორგანიზაციებისგან სწრაფად მიგვეღო დახმარება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner