logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ახლა პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ შეუძლიათ კარგად აწონ-დაწონონ, უღირთ თუ არა შტურმი დემოკრატიულ სისტემაზე
- +

17 დეკემბერი. 2020. 13:15

 

 

„თუ პოლიტიკური პარტია საპარლამენტო საბოტაჟს და დემოკრატიულ სისტემაზე შტურმს ახორციელებს, ამ შემთხვევაში ჩაერთვება სამართლებრივი მექანიზმი და ასეთ პარტიებს არ ექნებათ ის პრივილეგიები, რომლებიც დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობისთვის არის გათვალისწინებული“, - ამით განმარტა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტების პაკეტი, რომელიც პარლამენტში შევიდა.

 

„ეს არ არის პარტიის აკრძალვა, ამის უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს. პროცედურა არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. აქ საქმე ეხება მხოლოდ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რაც ამოქმედდება შემდეგი არჩევნებიდან.

 

ანუ, პირველად ეს შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და უფრო კონკრეტულად: კონსტიტუციით დაწესებულია 4 საარჩევნო ცენზი, ერთი ეს არის მოქალაქეობის ცენზი, მეორე-ნასამართლეობის ცენზი, ასევე - ასაკობრივი ცენზი; ქმედუნარიანობის ცენზი; ანუ, სულ 4 ცენზია დაწესებული - თუ საარჩევნო აგიტაციაში (ორი თვის განმავლობაში გრძელდება საარჩევნო აგიტაცია) პირი, როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ლიდერი არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ამ შემთხვევაში შესაბამის სუბიექტს გაუუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია, არ არის საუბარი პარტიის აკრძალვაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, მაგალითად, პირი არის ტერორიზმში მხილებული და ის იძებნება ქართული კანონმდებლობის საფუძველზე საზღვარგარეთ.

 

„წარმოვიდგინოთ, რომ ეს ტერორისტი გამოდის არჩევნებში როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი და ორი თვის განმავლობაში აწარმოებს კამპანიას მის სასარგებლოდ.

 

2000 ლარია დაწესებული დღეს ამისთვის ჯარიმა, რაც არის არაეფექტური მექანიზმი, ბუნებრივია, საჭიროა ქმედითი მექანიზმის ჩამოყალიბება, რათა ასეთ მოვლენას დავუპირისპირდეთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, მოახდენს თუ არა ეს ინიციატივა გავლენას მოლაპარაკებების პროცესზე, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა, რომ ამას მხოლოდ დადებითი გავლენა ექნება.

 

„ისინი ახორციელებენ საბოტაჟს, რასაც სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. თუ საბოტაჟს ახორციელებს პოლიტიკური პარტია, ის უპირისპირდება პირდაპირ დემოკრატიულ სისტემას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

 

ამას სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. ახლა, ამ კანონპროექტების საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს, კარგად აწონ-დაწონონ უღირთ თუ არა მათ ასეთი შტურმი დემოკრატიულ სისტემასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. თუ მიიღებენ რაციონალურ გადაწყვეტილებას, არ შეუჩერდებათ არც დაფინანსება და არ შეუწყდებათ უფასო საეთერო დრო. კანონპროექტის მიღების შემდეგაც მათ ამისათვის რჩებათ სივრცე, რაც მნიშვნელოვანი ასპექტია ამ პაკეტის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner