„რუსთავი 2-ის" დაკვეთით ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს, საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც არაერთხელ შეასრულა სააკაშვილის დაკვეთა დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ და ასევე აღნიშნავს, რომ GFK-მ სხვადასხვა ქვეყანაში სახელი „ცუღლუტობებით" გაითქვა.
„გერმანული სოციოლოგიური კომპანია GFK ნაციონალებთან წლებია თანამშრომლობს და არაერთხელ შეასრულეს სააკაშვილის დაკვეთა, ცხადია, დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ. ახლაც სააკაშვილის სურვილები გამოაქვეყნეს, რასაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ჩანს, რომ ეს პირველი კვლევა პროცესის ნაწილია და ამას მოჰყვება სააკაშვილის დაქირავებული GFK-ს კიდევ ერთი კვლევა სექტემბერში და მათივე ეგზიტპოლი არჩევნების დღეს. სექტემბრის ბოლოს კვლევაში ნაცებს აუცილებლად პირველ ადგილზე დაასახელებენ, ხოლო ეგზიტპოლში კი მინიმუმ 55%-ს დაუწერენ. ეცდებიან, მზარდი დინამიკა შექმნან და დააფიქსირონ, რომ მოსული ამომრჩევლის ნახევარი მხარს უჭერს ნაციონალებს. საინტერესოა GFK-ს სხვა ქვეყნებში „ცუღლუტობანი": 2014 წელს უკრაინაში GFK-ს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის უფლება ჩამოართვეს, რადგან მოსყიდული პანელისტები აღმოუჩინეს ანუ ადამიანები, რომელთაც „პიპლმეტრები" ეყენათ და აყალბებდნენ სატელევიზიო რეიტინგებს. ასევე აღმოუჩინეს ინსტრუქცია მოსყიდულ პანელისტებს, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, როდის რა არხისთვის და რამდენი ხანი ეყურებინათ, რომელ არხებზე არ ჩაერთოთ საერთოდ, რასაც საბოლოოდ გავლენა ჰქონდა ტელევიზიების რეიტინგებზე და შესაბამისად სარეკლამო დროის ფასებზე სხვადასხვა არხზე. ამ თაღლითური სქემით რეკლამის განმთავსებელი ფირმები 40 მილიონ დოლარზე მეტ ზარალს ნახულობდნენ ყოველწლიურად. 100-ზე მეტი მოსყიდული პანელისტი აღმოუჩინეს უკრაინაში და თითოეულს 1200$-ს უხდიდნენ თვეში თაღლითობისთვის. საბოლოოდ უკრაინის „ინდუსტრიულმა სატელევიზიო კომიტეტმა" გაუწყვიტა ხელშეკრულება და ამერიკული „Nielsen"-ით ჩაანაცვლა. თავად GFK-მ აღიარა, რომ ადგილი ჰქონდა მოსყიდული პანელისტების არსებობას. თურქეთში GFK გადასახადების დიდი ოდენობით დამალვაში იქნა დადანაშაულებული 21 მილიონი ევროს ოდენობით და GFK-ს სამ მენეჯერზე საქმეც აღიძრა. GFK-მ ყირიმის რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ კვლევა ჩაატარა ყირიმში და გამოაქვეყნა შედგები, რომლის მიხედვითაც, ყირიმის მოსახლეობის მხოლოდ 4%-ს სურდა უკრაინის შემადგენლობაში დარჩენა. ეს ასეც რომ ყოფილიყო, სოლიდურ დასავლურ ორგანიზაციას მსგავსი რამ არ უნდა გაეკეთებინა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის და საომარი მოქმედებების დროს. მით უმეტეს, რუსების მიერ ყირიმში დატერორებული უკრაინელების და ყირიმელი თათრების შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო. როგორც ჩანს, პუტინის ქისამ მორალი გადაწონა. ასეთი „სუფთა მეგობრები" უსრულებენ სააკაშვილს კვლევებს და ატრიალებენ პარტიული ტელევიზიით. ყურადსაღებია ერთი ფაქტი: ნაციონალები აუცილებლად შეეცდებოდნენ ამერიკული სოციოლოგიური კომპანიის ჩამოყვანას გერმანული GFK-ს ნაცვლად, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერცერთი სერიოზული ამერიკული კომპანია ვერ დაითანხმეს კვლევის შედეგების მანიპულირებაზე. ეს უდავოდ კარგის ნიშანია!" - წერს ირაკლი გოგავა.