logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: 2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფისათვის მყარი საფუძვლების შესაქმნელად
- +

17 დეკემბერი. 2020. 18:49

 

 

„მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, 2020 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოახერხა საქმიანობის ყველა მიმართულების პროგრესული დინამიკის შენარჩუნება და ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნის მდგრადი და დინამიკური განვითარების უზრუნველყოფისათვის მყარი საფუძვლების შესაქმნელად“, - ასე ეხმიანება ექსპერტი იოსებ არჩვაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშს.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, 2020 წელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის, ისევე როგორც მთელი ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობისათვის, უაღრესად რთული და დაძაბული აღმოჩნდა.

 

„კორონავირუსის პანდემიის გამო განხორციელდა მისი ბიუჯეტის საგრძნობი (თითქმის 12%-იანი) შემცირება. მიუხედავად ამისა, მოხერხდა ყველა ძირითადი მიმართულებებით დასახულ პარამეტრებზე გასვლა, ხოლო სამინისტროს წლიური ბიუჯეტი უკვე გადაჭარბებითაა შესრულებული.

 

აღნიშნულ გარემოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაწეულ ხარჯებს, როგორც წესი, ყველაზე მაღალი მულტიპლიკატორული ეფექტი აქვთ დამატებული ღირებულების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. სამინისტროს საკურაციო სფეროში წელს განხორციელდა 6 ათასამდე პროექტი, რომელთა რეალიზაციაში მონაწილეობდა 1300-მდე კომპანია 31 ათასზე მეტი დასაქმებულით. ამიტომ აღნიშნული მიმართულებით მიღწეული წარმატებები სცილდება ერთი სამინისტროს პასუხისმგებლობისა და ინტერესთა სფეროს და საერთო ეროვნული ინტერესის და ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

 

მრავალმხრივი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა ჩქაროსნული მაგისტრალებისა და შემოვლითი გზების მშენებლობა, რომელთა სხვადასხვა მონაკვეთზე დასრულებული სამუშაოები მთლიანობაში საქართველოს ყველაზე მაღალი ინტენსიური მოძრაობის მარშრუტზე (თბილისი - ბათუმი) მგზავრობის დროს ერთი საათით ამცირებს. საქართველოს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის თვისებრივად ახალ დონეზე აყვანაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რიკოთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობას, რომელზეც სამუშაოები უკვე ოთხივე უბანზეა დაწყებული და სადაც სამუშაოთა რთული პროფილის მიუხედავად, დასაქმებულთა 60 პროცენტზე მეტი საქართველოს მოქალაქეა. 2020 წელს წყალმომარაგების მდგომარეობა გაუუმჯობესდა ქვეყნის ოცამდე ქალაქს, დასახლებულ პუნქტს, სადაც საქართველოს მოსახლეობის 9 პროცენტზე მეტი ცხოვრობს.

 

ამ ასპექტით, განსაკუთრებით აღსანიშნავია წყალმომარაგების იმ პროექტების რეალიზაცია, რომელიც ეხება შიდა ქართლსა და იმერეთში გამყოფი ხაზის პირას მდებარე 26 სოფლის 20 ათასამდე მოსახლის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას. კიდევ უფრო მასშტაბურია სამინისტროს გეგმები 2021 წლისთვის, რომელიც ითვალისწინებს ერთდროულად წყალმომარაგების, წყალანირებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის 50-ზე მეტი პროექტის რეალიზაციას. აღსანიშნავია, რომ რეალიზებული პროექტები გათვლილია როგორც ქვეყნის მოსახლეობის მიმდინარე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად (აქ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული პროექტების გარდა აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ ურბანული განსახლების, განათლებისა და სპორტული ინფრასტრუქტურების გაუმჯობესების ხაზით განხორციელებული სამუშაოები, აგრეთვე, ის კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება იძულებით ადგილნაცვალი პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის) ისე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის პოსტპანდემიურ პერიოდში ტურისტების მოზიდვისა და მათი მრავალმხრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

 

სამინისტრო სრულად ამართლებს თავის სახელწოდებას იმით, რომ მის საქმიანობაში ორგანულადაა შერწყმული რეგიონული განვითარების ამოცანები და ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ღონისძიებები მაღალმთიანი დასახლებული პუნქტების განვითარებისათვის (სკოლა-ინტერნატების მშენებლობა, ოჯახების ინტერნეტიზაცია, საცხოვრებელ სახლებზე მზის პანელების დამონტაჟება და ა.შ.). მთის სტატუსი ვრცელდება თითქმის ყოველ მეორე სასოფლო დასახლებულ პუნქტზე, მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით, და შესაბამისად, აქედან გამომდინარე ყველა შეღავათებით და ბონუსებით სარგებლობს სოფლად მცხოვრები ყოველი მეექვსე პირი. ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია არა მარტო ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებისა და დასაქმების გაუმჯობესებას (განსაკუთრებით - რეგიონებში), არამედ იგი ზოგადად საკმაოდ კარგი ინდიკატორია ხელისუფლების ორგანიზაციული და მმართველობითი ეფექტიანობის შესაფასებლად.

 

შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელს, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოახერხა საქმიანობის ყველა მიმართულების პროგრესული დინამიკის შენარჩუნება და ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნის მდგრადი და დინამიკური განვითარების უზრუნველყოფისათვის მყარი საფუძვლების შესაქმნელად“, - წერს იოსებ არჩვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner